გერმანიის თავდაცვის უწყების ცნობით, ქვეყანაში სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა 186 700-მდე გაიზარდა, რაც ბოლო 13 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია

22:08, 17.08.2026

გერმანიაში სამხედროების რაოდენობა გაიზარდა. გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბუნდესვერის სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა დაახლოებით 186 700 ადამიანს შეადგენს. ეს ბოლო 13 წლის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

2025 წლის ივლისთან შედარებით, გერმანიის შეიარაღებული ძალების შემადგენლობა ორ პროცენტზე მეტით, დაახლოებით 3 700 სამხედრო მოსამსახურით გაიზარდა.

ამასთან, გერმანიაში სამხედრო სამსახურის მიმართ ინტერესიც გაიზარდა. მხოლოდ ივლისში ბუნდესვერმა სამხედრო სამსახურის გავლის მსურველებისგან დაახლოებით 47 300 განაცხადი მიიღო. ეს გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 26 პროცენტით მეტია და ივნისის მაჩვენებელს 6 800-ით აღემატება.

ივლისში სამხედრო სამსახურში დაახლოებით 15 400 ახალი მოსამსახურე მიიღეს. ეს 2025 წლის ივლისთან შედარებით 12-პროცენტიანი ზრდაა, ხოლო ივნისთან შედარებით – 4 500-ით მეტი.

გერმანიის თავდაცვის სამინისტროში ელოდებიან, რომ წლის ბოლომდე შეიარაღებული ძალების რაოდენობა კვლავ გაიზრდება.

მანამდე, მიმდინარე წლის აპრილში, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა ბუნდესვერის სამხედრო სტრატეგია წარადგინა. მისი მიზანია, რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხის ფონზე, გერმანიის არმია ევროპის ყველაზე ძლიერ შეიარაღებულ ძალად აქციოს.

მსგავსი