გერმანიის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ნატო-ს ევროპელმა წევრებმა უნდა გამოყონ ფული და სწრაფად შეკრიბონ თანხები ამერიკული იარაღის უკრაინისთვის შესაძენად
გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი აცხადებს, რომ ნატო-ს ევროპელმა წევრებმა უნდა გამოყონ ფული და სწრაფად შეკრიბონ თანხები ამერიკული იარაღის უკრაინისთვის შესაძენად.
„ეს ძირითადად ეხება საჰაერო თავდაცვის საშუალებებს. ყველამ უნდა გაიღოს ფული, რათა სწრაფად შეიკრიბოს თანხები, რომელიც საწყის ეტაპზე საჭიროა, კერძოდ, საჰაერო თავდაცვისთვის“, – განაცხადა პისტორიუსმა.
გერმანიის თავდაცვის მინისტრის აზრით, ჯერ კიდევ უნდა გაირკვეს, არის თუ არა ამერიკის შეცვლილი პოლიტიკა უკრაინის მიმართ „მიმართულება უკეთესისკენ“.
პისტორიუსი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მუქარას მნიშვნელოვან პროგრესად და სიგნალად მიიჩნევს უკრაინისა და მთელი ევროპისთვის. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ აშშ-ის თავდაცვის მინისტრთან, პიტ ჰეგსეტთან შეხვედრისას განიხილეს ამერიკული იარაღის მიწოდების მთელი სპექტრი.
„ის, რომ ფულს ევროპელები გადაიხდიდნენ და არა აშშ, ეს დიდი ხანია, ნათელი იყო. უკრაინა ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ იმყოფება, რადგან პუტინი ყოველთვის აძლიერებს საჰაერო თავდასხმების ინტენსივობას, როგორც კი ოდნავ მაინც იწყება ლაპარაკი მშვიდობაზე. ამიტომ ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, აქ მხრივ გამოავლინონ თავი“, – აღნიშნა პისტორიუსმა.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ფინანსური ტვირთი ნატო-ს ყველა წევრმა უნდა გაიზიაროს, რათა სწრაფად შეძლონ მნიშვნელოვანი თანხების მობილიზება უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის.