გერმანიაში 2019-20 წლების სეზონი სუპერთასით გაიხსნა, რომელშიც ჩემპიონი და თასის მფლობელი „ბაიერნი“ და ვიცე-ჩემპიონი „დორტმუნდი“ ხვდებოდნენ ერთმანეთს.
მატჩი „სიგნალ იდუნა პარკზე“ იმართებოდა და აქედან გამომდინარე, „დორტმუნდმა“ უკეთ დაიწყო შეხვედრა. პირველ წუთებზე მან ორი მომენტი შექმნა, მაგრამ ვერ გაიტანა. პირველ ტაიმში გოლი არ გასულა.
მეორე ტაიმი ისევ დორტმუნდელთა აქტიურობით დაიწყო და ამჯერად, ანგარიშიც გახსნეს – ჯეიდონ სანჩომ პაკო ალკასერს გაატანინა. ესპანელმა 33-ე მატჩი ჩაატარა „დორტმუნდში“ და მე-20 გოლი გაიტანა.
„ბაიერნი“ ანგარიშის გასათანაბრებლად წინ წავიდა და ზედიზედ შექმნა მომენტები. „დორტმუნდმა“ გაუძლო მეტოქის შეტევებს და დაელოდა კონტრშეტევაზე საკუთარ შანსს – სანჩომ საგოლე პასს გოლიც დაუმატა და „ყვითლებმა“ 2:0 მოიგეს. ჯეიდონ სანჩომ 15 გოლი და 24 შედეგიანი პასი დააგროვა „დორტმუნდში“ ჩატარებულ 56 მატჩში.
„დორტმუნდმა“ 2014 წლის შემდეგ პირველად და ჯამში მეექვსედ აიღო გერმანიის სუპერთასი. შვიდი ტიტულით რეკორდსმენი „ბაიერნია“.
დორტმუნდი-ბაიერნი 2:0
გოლები: 1:0 პაკო ალკასერი (48), 2:0 სანჩო (69)
დორტმუნდი: ჰიტცი – პიშჩეკი (80. ვოლფი), აკანჯი, თოფრაქი, შულცი – ვიტცელი, ვაიგლი – სანჩო (80. ბრუუნ ლარსენი), როისი, რაფაელ გერეირო (74. ჰაკიმი) – პაკო ალკასერი.
ბაიერნი: ნოიერი – კიმიხი, ზიულე, ბოატენგი, ალაბა (70. სანჩესი) – ტოლისო, ტიაგო ალკანტარა (80. პავარი) – მილერი (65. დევისი), გორეტცკა, კომანი – ლევანდოვსკი.