გერმანიის პოლიტიკური წრეები საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სწრაფი მინიჭების ინიციატივით გამოდიან
გერმანიის პოლიტიკური წრეები საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სწრაფი მინიჭების ინიციატივით გამოდიან

გერმანიის გარკვეული პოლიტიკური წრეები, მათ შორის კი ოპოზიციური ფრაქცია CDU/CSU საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სწრაფი მინიჭების ინიციატივით გამოდიან, რასაც თავის მხრივ, გერმანული მედია აქტიურად აშუქებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„გავრცელებული ინფორმაციით, CDU/CSU-ს მიერ შემუშავებულ რეზოლუციაში ფრაქცია მოუწოდებს ფედერალურ მთავრობას, მხარი დაუჭიროს და ადვოკატირება გაუწიოს 23-24 ივნისს დაგეგმილ სამიტზე სამივე ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭებას. ფრაქციის ევროპის პოლიტიკის სპიკერ გუნტერ კრიხბაუმის განცხადებით, სამი ქვეყნისთვის ევროკავშირის კარის გახსნა, თავად ევროკავშირის ინტერესებშია. ვინაიდან გაწევრიანების პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია, ფრაქცია ითხოვს სამი ქვეყნის სრულ გაწევრიანებამდე ახალი მოდელის შექმნას, რომელიც ამ ქვეყნების ევროკავშირთან კიდევ უფრო მჭიდრო დაკავშირებას გახდის შესაძლებელს, მათ შორის საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის სფეროებში.

აღსანიშნავია, რომ რეზოლუციის ტექსტზე დისკუსია და კენჭისყრა ჯერ უნდა გაიმართოს ფრაქციის ფარგლებში, ფრაქციის მიერ დოკუმენტის დამტკიცების შემთხვევაში კი, დოკუმენტი წარედგინება ბუნდესტაგს, სადაც გაიმართება დებატები და კენჭისყრა. რეზოლუციის პროექტის სახელწოდებაა „უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სწრაფი მინიჭება“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი