გერმანიის ნაკრების ყოფილმა მეკარემ „დინამო თბილისს“ 100 წლის იუბილე მიულოცა #1TVSPORT
გერმანიის ნაკრების ყოფილმა მეკარემ „დინამო თბილისს“ 100 წლის იუბილე მიულოცა #1TVSPORT

მიუნხენის „ბაიერნისა“ და გერმანიის ნაკრების ყოფილი მეკარე რაიმონდ აუმანი თბილისში იმყოფებოდა და „დინამო თბილისს“ 100 წლის იუბილე მიულოცა, — ინფორმაციას თბილისური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„დინამო არენაზე“ GEO11-სა და Barça Legends-ის მატჩს მიუნხენის „ბაიერნის“ განსაკუთრებული სტუმარი ესწრებოდა. ლეგენდების გუნდის წარმომადგენელმა, რაიმონდ აუმანმა „დინამოს“ საიუბილეო თარიღი მიულოცა და კლუბის პრეზიდენტთან სამახსოვრო მაისურები გაცვალა“, — ნათქვამია „დინამოს“ მიერ გავრცელებულ ცნობაში.

აუმანმა მიუნხენური კლუბის ახალგაზრდულ გუნდში თამაშის შემდეგ პირველ გუნდთან პროფესიონალური კონტრაქტი 1982 წელს გააფორმა და მასში 1994 წლამდე ასპარეზობდა. 1988 წელს, ჟან-მარი პფაფის წასვლის შემდეგ, აუმანი გუნდის უალტერნატივო პირველი ნომერი გახდა, ხოლო 1992-1994 წლებში კაპიტანი გახლდათ. მოგვიანებით ის ოლივერ კანმა შეცვალა.

გერმანიის ნაკრებში სადებიუტო შეხვედრა 1989 წლის 6 სექტემბერს ჩაატარა. 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ის გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში იმყოფებოდა, თუმცა ტურნირზე მოედანზე არ გასულა.

რაიმონდ აუმანი

მსოფლიო ჩემპიონი: 1990

გერმანიის ჩემპიონი (6): 1984/85, 1985/86, 1986/87, 1988/89, 1989/90, 1993/94

გერმანიის თასის მფლობელი (2): 1984, 1986