გერმანიის ნაკრების ფეხბურთელებმა პირზე ხელის აფარებით გამოხატეს პროტესტი და ფიფა-ს გადაწყვეტილებას დაუპირისპირდნენ #1TVSPORT
გერმანიის ნაკრების ფეხბურთელებმა პირზე ხელის აფარებით გამოხატეს პროტესტი და ფიფა-ს გადაწყვეტილებას დაუპირისპირდნენ #1TVSPORT

გერმანიის ნაკრების ფეხბურთელებმა მსოფლიო ჩემპიონატზე თავიანთი პირველი მატჩის წინ პირი ხელით დაიფარეს. ეს იყო ფეხბურთელთა პროტესტი ფიფა-ს გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც ევროპული ნაკრებების კაპიტნებს აეკრძალათ One Love-ის (ერთი სიყვარული) კაპიტნის სამკლაურების ტარება. ეს სამკლაური უნდა გამხდარიყო საზოგადოებაში ყველა სახის დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო. კამპანია გასულ წელს დაიწყო ნიდერლანდების საფეხბურთო ასოციაციის ინიციატივით, შემდეგ კი სხვა ევროპულმა ნაკრებებმაც აიტაცეს.

ჯერ კიდევ ტურნირის დაწყებამდე ინგლისის, ბელგიის, დანიის, შვეიცარიის, გერმანიისა და უელსის ნაკრებებმა გამოაცხადეს, რომ ყოველ მატჩზე ამგვარ სამკლაურს გაიკეთებდნენ, რადგან კატარში მსოფლიო ჩემპიონატი ადამიანის უფლებათა დარღვევის ბევრ ფაქტს უკავშირდება, თავად ქვეყანა კი ცნობილია დისკრიმინაციული განწყობით ქალებისა და ლგბტ-საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ. ამის შემდეგ დაიწერა, რომ ფიფა გეგმავს ამ ინიციატივის დაბლოკვას და გუნდებისთვის სანქციების დადებას. ინგლისელები მზად იყვნენ, მაინც გასულიყვნენ თამაშზე სამკლაურით, თუნდაც ფულადი ჯარიმის ფასად, რადან, მათი აზრით, ეს ბრძოლა ფულზე მნიშვნელოვანია.

საბოლოოდ, ფიფა-მ გამოაცხადა, რომ One Love-ის სამკლაურის ტარებისთვის გუნდების კაპიტნები მატჩის პირველსავე წუთზე მიიღებდნენ ყვითელ ბარათს. ამის გამო, ნაკრებებმა, რომლებიც აპირებდნენ პროტესტს, უარი თქვეს სამკლაურზე: ერთია, როცა ლაპარაკია ჯარიმაზე და მეორე, როცა საფრთხის ქვეშ დგება შედეგი.

„ჩვენ არ შეგვიძლია ჩავაყენოთ ჩვენი ფეხბურთელები იმ მდგომარეობაში, რომლითაც მათ სპორტული სანქციები შეეხებათ. ჩვენი მითამაშეები იმედგაცრუებულნი არიან და იპოვნიან პოზიციის გამოხატვისთვის სხვა ხერხს“, – ეწერა ნაკრებების ერთობლივ განცხადებაში.

მანუელ ნოიერი მზად იყო, იაპონიასთან მატჩზე One Love-ის სამკლაურით გასულიყო და ყვითელი ბარათი მიეღო, მაგრამ გერმანიის მთავარ მწვრთნელს შეეშინდა, რომ ფიფა დამატებით სანქციებს შემოიღებდა.

აღშფოთება გამოხატა გერმანიის საფეხბურთო კავშირმა. ამ ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კავშირი აპირებს, სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლოს ფიფა-ს და მოითხოვოს, რომ მეორე ტურიდან ნოიერს საშუალება ჰქონდეს, მატჩზე One Love-ის სამკლაურით გავიდეს.