გერმანიის მთავრობაში განაცხადეს, რომ არ ეთანხმებიან გერმანელი ვიცე-ადმირალის მიერ პუტინთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს
გერმანიის მთავრობაში განაცხადეს, რომ არ ეთანხმებიან გერმანელი ვიცე-ადმირალის მიერ პუტინთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს

გერმანიის მთავრობა, მათ შორის თავდაცვის სამინისტრო, აცხადებს, რომ გერმანიის სამხედრო საზღვაო ძალების ვიცე-ადმირალის, კაი-ახიმ შეინბახის განცხადებას არ ეთანხმება. როგორც გერმანიის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, კაი-ახიმ შეინბახის მიერ გაკეთებული კომენტარი არ გამოხატავს გერმანიის თავდაცვის სამინისტროს პოზიციას.

მანამდე, ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც გერმანელი ვიცე-ადმირალი კაი-ახიმ შეინბახი ამბობს, რომ „პუტინი იმსახურებს პატივისცემას“ და „უკრაინა ყირიმს ვერასდროს დაიბრუნებს“.

„ადმირალ შეინბახს ექნება საშუალება, საკუთარი პოზიცია გააცნოს გერმანიის შეიარაღებული ძალების მეთაურს“, – განაცხადეს გერმანიის თავდაცვის უწყებაში.

თავად შეინბახმა განმარტა, რომ სადავო განცხადება ინდოეთში ერთ-ერთ დისკუსიაზე გააკეთა და ის მის პერსონალურ შეხედულებებს გამოხატავდა. ვიცე-ადმირალმა ამ განცხადებებს „შეცდომა“ უწოდა.

იუთიუბზე“ გავრცელებულ ვიდეოში გერმანიის სამხედრო საზღვაო ძალების ვიცე-ადმირალი ინგლისურ ენაზე საუბრობს.

„პუტინი რეალურად მოითხოვს პატივისცემას და ღმერთო, ჩემო, ვინმეს მიმართ პატივისცემის გამოხატვა არაფერს განსაკუთრებულს არ მოითხოვს. ამ პატივისცემის გამოხატვა, რომელსაც ის ითხოვს და სავარაუდოდ იმსახურებს კიდეც, იოლია“, – ამბობს სკანდალურ ვიდეოში გერმანელი ვიცე-ადმირალი. მისივე თქმით, რუსეთის ქმედებები საჭიროებს საპასუხო რეაგირებას, თუმცა ამავე დროს, აცხადებს, რომ „უკრაინა ყირიმის ნახევარკუნძულს არასდროს დაიბრუნებს და ეს ფაქტია“.

ამის შემდეგ, უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, დმიტრო კულებამ მოუწოდა გერმანიის მთავრობას, გაემიჯნოს გერმანელი სამხედრო მაღალჩინოსნის განცხადებებს.

მოგვიანებით, გერმანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვიცე-ადმირალი თანამდებობას ტოვებს.