გერმანიის მმართველ კოალიციაში შემავალი პარტიები უცხოელების ლეგალურად დასაქმების კანონზე შეთანხმდნენ
გერმანიის მმართველ კოალიციაში შემავალი პარტიები უცხოელების ლეგალურად დასაქმების კანონზე  შეთანხმდნენ

გერმანიის მმართველმა კოალიციამ უცხოელების ლეგალურად დასაქმების კანონი შეათანხმა. როგორც „დოიჩე ველე“ იუწყება, ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა, ქრისტიან-სოციალისტურმა კავშირმა და სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ 2 ოქტომბერს ღამით, მიაღწიეს შეთანხმებას კანონზე, რომელიც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს გერმანიაში კანონიერი დასაქმების უფლებას მისცემს.

უთანხმოების მთავარი მიზეზი იყო გერმანიაში მყოფი მიგრანტების სტატუსი, რომლებმაც თავშესაფარი ვერ მიიღეს, მაგრამ ამავე დროს წარმატებულად შეძლეს საზოგადოებაში ინტეგრაცია და დასაქმებულები არიან.

გერმანიის „დიდი კოალიციის“ მიერ მიღებულ 7-გვერდიან განცხადებაში აღნიშნულია, რომ ასეთი პირების დეპორტაციის გადადებისთვის კონკრეტული კრიტერიუმები იქნება შემუშავებული, რომელსაც მთავრობა უახლოეს ხანში დაამტკიცებს.
ახალი კანონი მიზნად ისახავს გერმანიაში ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან პროფესიონალი მიგრანტების მიზიდვას. მთავრობის ინიციატივით, ასეთი პირებისთვის გერმანული ენის შემსწავლელი კურსები არამხოლოდ გერმანიაში, არამედ მათ სამშობლოშიც უნდა არსებობდეს. ასევე უნდა დაჩქარდეს მათი კვალიფიკაციის დამადასურებელი დიპლომების აღიარების პროცესიც.

შეგახსენებთ, ანგელა მერკელმა საქართველოში ყოფნისას განაცხადა, რომ გერმანიაში მუშავდება კანონპროექტი, რომლის თანახმად, საქართველოსა და ბალკანეთის ქვეყნების მოქალაქეთათვის გერმანიაში ლეგალურად დასაქმების კვოტები შეიქმნება.