გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში „კარლსრუემ“ ბუდუ ზივზივაძის დუბლით მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
ბუდუ ზივზივაძემ გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში შესანიშნავი თამაში აჩვენა – აუტსაიდერ „რეგენსბურგთან“ დუბლი შეასრულა და „კარლსრუეს“ საშინაო შეხვედრის მოგებაში დაეხმარა – 4:2.
„კარლსრუე“ თავიდან მდევრის როლში აღმოჩნდა – მე-19 წუთზე მასპინძელთა კარში დანიშნული პენალტი კულვეტერმა ზუსტად გამოიყენა და „რეგენსბურგი“ წინ გაიყვანა. „კარლსრუემ“ წონასწორობა 45+2-ე წუთზე ქართველი თავდამსხმელის მიერ გატანილი გოლით მოახერხა – ბუდუმ დამატებაზე თავით ზუსტად დაარტყა.
ზივზივაძემ მეორე ტაიმის დასაწისშივე პენალტი მოიპოვა და თავად შეასრულა, მაგრამ მეკარემ აუღო. მეორე ტაიმიც პირველის მსგავსად წარიმართა. 49-ე წუთზე სტუმრები ჰოტმანის გოლით დაწინაურდნენ, 56-ე წუთზე „რეგენსბურგის“ კარში კიდევ ერთი პენალტი დაინიშნა, რომელიც მასპინძელთა კაპიტანმა მარვინ ვანიცეკმა გოლად გარდასახა.
ამის მერე თამაშის სცენარი ქართველის დამსახურებით შეიცვალა. 62-ე წუთზე „კარლსრუემ“ სწრაფი კონტრშეტევა განახორციელა, ბუდუ ბურთიანად კარისკენ გაიქცა და ზუსტი დარტყმით დუბლი შეასრულა. საბოლოო ანგარიში კი ფაბიან შლოისნერმა (86) დააფიქსირა.
საბოლოოდ, „კარლსრუემ“ მნიშვნელოვანი მატჩის მოგებით 26 ქულა დააგროვა და მეორე ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე დაწინაურდა. ბუდუ ზივზივაძემ კი 11 გოლით (ამას გარდა სამი საგოლე გადაცემაც აქვს) მეორე ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზეა, 8.2 ქულით კი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.