გერმანიის კანცლერი უკრაინის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
გერმანიის კანცლერი უკრაინის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა და უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა უკრაინაში არსებული სამხედრო-ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხები განიხილეს. უკრაინის მთავრობის ხელმძღვანელი ბერლინს ერთდღიანი ვიზიტით ესტუმრა.

უკრაინის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკრაინისთვის დამატებითი შეიარაღების მიწოდების საკითხსაც.

უკრაინის მთავრობის ინფორმაციით, შმიგალმა შოლცს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში ევროკავშირისა და გაერო-ს სპეციალური მისიის გაგზავნა შესთავაზა.

შეხვედრაზე გერმანიის კანცლერმა უკრაინის პრემიერ-მინისტრს უთხრა, რომ რეფორმები კანონის უზენაესობისა და სასამართლოს სფეროებში თანაბრად მნიშვნელოვანია რეკონსტრუქციისთვის ინვესტიციების მოსაზიდად.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, დენის შმიგალმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა ევროკავშირსა და რუსეთს შორის აღარ არის შუაში და უკრაინა ახლა ევროპისა და ევროპული ინსტიტუტების განუყოფელი ნაწილია.