გერმანიის ბუნდესტაგმა საიმიგრაციო კანონმდებლობის რადიკალური გამკაცრების შესახებ ოპოზიციური ფრაქციის რეზოლუციას მხარი დაუჭირა
გერმანიის ბუნდესტაგის უმსხვილესი ოპოზიციური ფრაქციის რეზოლუციის პროექტმა საიმიგრაციო კანონმდებლობის რადიკალური გამკაცრების შესახებ დეპუტატთა უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვა. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
მწვავე დებატების შემდეგ დამტკიცდა ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისტიან-სოციალური ბლოკის მიერ შეთავაზებული ხუთპუნქტიანი დოკუმენტი, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს მუდმივი სასაზღვრო კონტროლის შემოღებას, თავშესაფრის მაძიებლებისთვის უარის თქმის შესაძლებლობას უკვე საზღვარზევე და იმ უცხოელების დაკავებას, რომლებსაც ხელისუფლებამ ქვეყნის დატოვება დაავალა.
ინიციატივას მხარი დაუჭირეს კონსერვატორებმა, ლიბერალებმა და ულტრამემარჯვენეებმა. სახელობითი კენჭისყრისას რეზოლუციას მხარი დაუჭირა 348-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 345, თავი შეიკავა 10-მა. კონსერვატორების გარდა, დოკუმენტს მხარი დაუჭირეს თავისუფალი დემოკრატიული პარტიის დეპუტატებმა და ულტრამემარჯვენეებმა პარტიიდან „ალტერნატივა გერმანიისთვის“. მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტია და „კავშირი-90“/მწვანეები“, ასევე მემარცხენე პარტია წინააღმდეგი იყვნენ. ულტრამემარცხენე პარტიამ, „სარა ვაგენკნეხტის კავშირმა“ განაცხადა, რომ კენჭისყრისას თავს შეიკავებდა.
კენჭისყრამდე გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი გამოვიდა მოწოდებით, არ დაემტკიცებინათ ოპოზიციის მიერ შეთავაზებული ზომები. როგორც გერმანული მედია აღნიშნავს, მიღებული რეზოლუცია სავალდებულოდ შესასრულებელი არ არის.
ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისტიან-სოციალური ბლოკი საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების ინიციატივით ბავარიის აშაფენბურგში დანით თავდასხმის შემდეგ გამოვიდა, რომლის მსხვერპლიც ორი ადამიანი გახდა, მათ შორის ორი წლის ბავშვი. სოციალ-დემოკრატები და „მწვანეები“ მსგავსი შეზღუდვების წინააღმდეგ არიან, რადგან, მათი აზრით, ეს ზომები, ფაქტობრივად, აუქმებს თავშესაფრის უფლებას, რომელიც გერმანიის ძირითადი კანონითაა გარანტირებული.
აშაფენბურგის შონტალის პარკში საბავშვო ბაღის ასაკის ბავშვთა ჯგუფზე დანით თავდასხმის შედეგად 22 იანვარს დაიღუპა ორი წლის ბავშვი და 41 წლის მამაკაცი. კიდევ სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, დაშავდა. როგორც გერმანული მედია წერს, ეჭვმიტანილია 28 წლის ავღანელი, რომელსაც სავარაუდოდ ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და გერმანიაში არ უნდა ყოფილიყო. ამ დანაშაულმა გერმანიის ვადამდელ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე კვლავ გააღვივა დისკუსიები საიმიგრაციო პოლიტიკის შეცვლისა და არალეგალი მიგრანტების გაძევების პროცედურის დაჩქარების აუცილებლობის შესახებ.