გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი მარკუს ჰელდი - ყველას დაჟინებით ვთხოვ, დაიცვან 8 მარტის შეთანხმება სიტყვითა და საქმით
გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი მარკუს ჰელდი - ყველას დაჟინებით ვთხოვ, დაიცვან 8 მარტის შეთანხმება სიტყვითა და საქმით

გერმანიის ბუნდესტაგის წევრი მოუწოდებს საქართველოში ოპოზიციას, არ თქვან უარი 8 მარტს ერთობლივი ძალისხმევით მოლაპარაკებული შედეგის მხარდაჭერაზე, – ამის შესახებ გერმანული „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ წევრი მარკუს ჰელდი „ტაგეშპიგელთან“ ინტერვიუში აცხადებს. მისი თქმით, საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის ნაწილში საქართველო სწორ გზას ადგას.

გერმანელი დეპუტატის მოსაზრებით, საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით დამტკიცება და კომპრომისი, რომელზეც პოლიტიკური პარტიები წავიდნენ საქართველოს დემოკრატიზაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

„ტაგეშპიგელის“ ცნობით, კომპრომისი მდგომარეობს შემდეგში: 150 პარლამენტის წევრიდან 120-ის არჩევა მოხდება პროპორციული სისტემით, დანარჩენი 30 ადგილი მაჟორიტარული პრინციპით განისაზღვრება. ამასთანავე, ამომრჩეველთა ხმების ერთი პროცენტის მიმღები პარტიები პარლამენტში მოხვდებიან. ასევე, შეთანხმებულია, რომ ამომრჩეველთა ხმების 40 პროცენტზე ნაკლების მქონე პარტიები ვეღარ იქონიებენ უწინდელ საპარლამენტო უმრავლესობას.

„ხმის მიცემის ახალი სისტემა ძალაში უნდა იყოს მიმდინარე წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის. 1991 წელს სუვერენიტეტის მოპოვებიდან დღემდე ეს კიდევ ერთი საეტაპო მოვლენა იქნება საქართველოსთვის“, – აცხადებს ბუნდესტაგის წევრი.

მისივე თქმით, ეს ქართველების გამარჯვება იქნება, რადგან ხმის მიცემის სამართლიანი სისტემა მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური საკითხია ჯეროვანი დემოკრატიისთვის.

„ამომრჩეველთა ხმები აღარ დაიკარგება, მხოლოდ იმის გამო, რომ საარჩევნო უბანზე კანდიდატი პირველადგილოსან გამარჯვებულს ჩამორჩება. იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კანდიდატები მხოლოდ აბსოლუტურად გამარჯვებულ კანდიდატს ჩამორჩებიან, მეორე ადგილზე გასული კანდიდატები პროპორციული სისტემის წყალობით პარლამენტში მაინც მოხვდებიან“, – ამბობს ჰელდი.

​ამასთან, გერმანელი დეპუტატი მწუხარებს გამოთქვამს იმის გამო, რომ „მთავარმა ოპოზიციურმა პარტიებმა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენაში განზრახ არ მიიღეს მონაწილეობა“.

„სამწუხაროდ, მთავარმა ოპოზიციურმა პარტიებმა განზრახ შეიკავეს თავი მეორე მოსმენაში მონაწილეობისგან. ევროკავშირი და შეერთებული შტატების ხელისუფლება ყოველთვის აქებდნენ საარჩევნო რეფორმას და აცხადებდნენ, რომ მას ყველა პარტიამ უნდა მისცეს მას ხმა. თუ ეს არ მოხდა, 31 ოქტომბერს გასამართი არჩევნები ძველი კანონის შესაბამისად ჩატარდება და შეურიგებელ კონფრონტაციას ვიხილავთ საქართვლოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ამიტომ, ყველას დაჟინებით ვთხოვ, დაიცვან შეთანხმება სიტყვითა და საქმით, სრულად აღასრულონ მისი სულისკვეთება და საკუთარი წვლილი შეიტანონ საკონსტიტუციო ცვლილებებში, რათა საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობა წარმატებით დამტკიცდეს მიმდინარე წლის შემოდგომამდე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად. ეს იქნება საქართველოში დემოკრატიისა და სტაბილურობისთვის მიღწეული წარმატება“, – აცხადებს გერმანელი დეპუტატი.