გერმანიაში მიმდინარეობს ტურნირი ATP-ის ჩოგბურთელთა მონაწილეობით
გერმანიაში მიმდინარეობს ტურნირი ATP-ის ჩოგბურთელთა მონაწილეობით

გერმანიაში იმართება პირველი საჩოგბურთო ტურნირი 12 მარტის შემდეგ, რომელშიც ATP-ის მოთამაშეები იღებენ მონაწილეობას.

ეს არის საჩვენებელი ტურნირი, რომელსაც ქალაქი კობლენცი მასპინძლობს. მატჩები იმართება უსაფრთხოების განსაკუთრებულ პირობებში: ტრიბუნებზე არ არის მაყურებელი, მატჩებს არ ემსახურებიან ხაზის მსაჯები და ბურთის მომწოდებელი ბავშვები.

ყოველი მატჩის შემდეგ, დეზინფექცია უტარდება სამსაჯო კოშკურას. ყველა მონაწილეს გადასცეს ნიღბები და ხელთათმანები, თუმცა მათი ჩაცმა მატჩების დროს არ არის აუცილებელი. ასევე ჩოგბურთელებსა და მსაჯებს უზომავენ ტემპერატურას, მაგრამ კორონავირუსზე ტესტები არ ტარდება.

ყველა მონაწილე მიიღებს გარკვეულ თანხას მონაწილეობით, გარდა ამისა, ისინი იბრძოლებენ სამი ათასი დოლარის ოდენობის საპრიზო ფონდისთვის.

ტურნირში შვიდი გერმანელი და ერთი ბრიტანელი ჩოგბურთელი მონაწილეობს, რომლებიც არ შედიან რეიტინგის ტოპ-ასეულში. ყველაზე მაღალი სარეიტინგო ნომერი აქვს იანიკ ჰანფმანს – 143-ე. ასევე თამაშობს დასტინ ბრაუნი, რომელსაც 2015 წელს, უიმბლდონზე რაფაელ ნადალი ჰყავს დამარცხებული.

სეტებში გამარჯვება ოთხ გეიმის მოგებამდეა. ჩოგბურთელები წრიული სისტემით თამაშობენ. უკვე ჩატარდა ორი ტური. ბრაუნმა და ჰანფმანმა ორ-ორი შეხვედრა მოიგეს.