გერმანიამ პიონჩანგში მერვე ოქრო მოიპოვა (ვიდეო)

ფიგურულ ციგურაობაში გამოვლინდა ოლიმპიური ჩემპიონი სპორტულ წყვილებში.

მოკლე პროგრამის შემდეგ, ლიდერი იყო მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი – ვენჟინგ სუისა და ცონგ ჰანის ჩინური წყვილი, მაგრამ მათ იმედებს ხაზი გადაუსვა გერმანულმა წყვილმა ალიონა სავჩენკოსა და ბრუნო მასოს შემადგენლობით. ისინი მოკლე პროგრამის შემდეგ მეოთხე ადგილზე იყვნენ, მაგრამ თავისუფალ პროგრამაში 159.1 ქულა დააგროვეს, რაც მსოფლიოს ახალი რეკორდია. წინა რეკორდიც (157.25) გერმანელებს ეკუთვნოდათ და ის შარშან, დეკემბერში იყო დამყარებული. ამის წყალობით, გერმანელები ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ.

ალიონა სავჩენკოსთვის ეს მეხუთე ოლიმპიადა იყო და მან ორი ბრინჯაოს შემდეგ, პირველად მოიპოვა ოლიმპიური ოქრო. ის, აგრეთვე, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონიც არის.

გერმანიის ოლიმპიურ გუნდს უკვე რვა ოქრო აქვს პიოგჩანგის ოლიმპიადაზე.

ვერცხლი ჩინელებმა მოიპოვეს, ბრინჯაო კანადელებმა – მეგან დუჰამელმა და ერიკ რედფორდმა.

ოლიმპიური ათლეტები რუსეთიდან – ევგენია ტარასოვა და ვლადიმირ მოროზოვი საპრიზო სამეულის მიღმა აღმოჩდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მოკლე პროგრამის შემდეგ, მეორე ადგილზე იყვნენ.

ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი(მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)

ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე