Geo Team-ის ცნობით, ივნისში საქართველოს ეროვნულ გუნდში 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელები არ ითამაშებენ #1TVSPORT
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელები ივნისში ეროვნული გუნდის შემადგენლობაში არ ითამაშებენ, — ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.
ვილი სანიოლი ივნისის ამხანაგურ მატჩებში ეროვნული ნაკრების ძირითადი ბირთვის დიდ ნაწილს დაასვენებს და შანსს იმ ფეხბურთელებს მისცემს, რომელთაც აქამდე ნაკლებად მიეცათ თავის გამოჩენის შესაძლებლობა.
პორტალის ცნობით, ეროვნულ გუნდს არ დაეხმარებიან ისინი, ვინც ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატისთვის რამაზ სვანაძის გუნდში მოხვდებიან.
Geo Team-ი ასახელებს 21-წლამდელთა ნაკრების სამ მოთამაშეს — ირაკლი აზაროვს, საბა გოგლიჩიძესა და ლუკა ლაცაბიძეს, რომლებიც მარტში ვილი სანიოლმა სომხეთთან ერთა ლიგის პლეი ოფისთვის გამოიძახა.
რამაზ სვანაძის ხელმძღვანელობით, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას 30 მაისიდან ავსტრიაში დაიწყებს. აღნიშნული ტურნირი სლოვაკეთში გაიმართება, ხოლო ჯგუფური ეტაპზე ქართველები პოლონეთს (11 ივნისს), საფრანგეთსა (14 ივნისს) და პორტუგალიას (17 ივნისს) დაუპირისპირდებიან.