„გენტის“ მწვრთნელი - კოსემანსსა და ქვილითაიას შორის კონფლიქტი ამოწურულია
„გენტის“ მწვრთნელი - კოსემანსსა და ქვილითაიას შორის კონფლიქტი ამოწურულია

„გარწმუნებთ, რომ ქვილითაიასა და კოსემანსს ერთმანეთთან პრობლემა არ აქვთ და ყველაფერი მოგვარებულია“ – ამის შესახებ „გენტის“ მწვრთნელმა ჯეს ტორუპმა გამოცემა „ფუტბალნიუსთან“ განაცხადა.

ბელგიური გუნდის ქართველ ლეგიონერ გიორგი ქვილითაიასა და გუნდის სათადარიგო მეკარე კოლინ კოსემანსს კონფლიქტი „რომასთან“ შეხვედრის შემდეგ მოუვიდათ. ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალის განმეორებითი შეხვედრა 1:1 დასრულდა და ბელგიელები გათამაშებას გამოეთიშნენ.

მატჩის დასრულებისთანავე, იმედგაცრუებულ ფეხბურთელებს შორის მცირე დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც მეკარე ქართველ თავდამსხმელს შემთხვევით შეეჯახა, ქვილითაიამ კი უხეშად მიმართა. კონფლიქტი „გენტის“ კაპიტნის, ვადის ოჯიჯა-ოფოეს ჩარევის შემდეგ ჩაცხრა.

თუმცა, ფეხბურთელები მელე შერიგდნენ და კოსემანსმა ტვიტერზე ცნობილი მოკრივის, ფლოიდ მეივეზერის ფონზე სახალისო ფოტოთი გიორგი ქვილითაიასთან კრივის დაპირისპირება დაანონსა.

ჯეს ტორუპმა მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ქვილითაიასა და კოსემანსს დაელაპარაკა.

„დილით ორივე ჩემს კაბინეტში იყო. ორივე იცინოდა, ეს ამბავი სალაპარაკო რომ გახდა. გუნდის თანამშრომელმა მაჩვენა ტვიტერზე სურათი, სადაც ისინი ერთმანეთს საკრივოდ იწვევდნენ. გარწმუნებთ, პრობლემები არააა და ეს თემა კლუბში უკვე დახურულია“ – ამბობს „გენტის“ მწვრთნელი.