„გენტის“ მწვრთნელი - დავიდის შეცვლა ჩაკვეტაძეს შეუძლია
„გენტის“ მწვრთნელი - დავიდის შეცვლა ჩაკვეტაძეს შეუძლია

ბელგიის ვიცეჩემპიონი „გენტის“ მთავარი მწვრთნელი ჯეს ტორუპი მიიჩნევს, რომ საქართველოს ნაკრების შემტევ ნახევარმცველს, გიორგი ჩაკვეტაძეს გუნდის ლიდერობა შეუძლია, – ამის შესახებ „გენტის“ დანიელმა თავკაცმა გამოცემა „ნიუსბლადთან“ ილაპარაკა.

გენტი“, ფაქტობრივად შეეუგუა იმ აზრს, რომ კანადელი ვარსკვლავი ჯონათან დავიდი მშვენივრად ჩატარებული სეზონის შემდეგ გუნდს დატოვებს – ახლა ბელგიური კლუბი მის შემცვლელს ეძებს.

„ჩვენ რეალური ამბიცია გაგვაჩნია, რომ კიდევ უფრო უკეთესები გავხდეთ. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, დაგვტოვებს თუ არა ჯონათან დავიდი. და თუ ის წავა, მისი შეცვლის შესაძლებლობაც გაგვაჩნია. მაგალითად, მიმდინარე სეზონში რომან ბეზუსმა ბევრი მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა – იგივე გიორგი ჩაკვეტაძე ერთ დროს „ოქროს“ ბიჭი იყო. ამიტომ ვფიქრობ, რატომ არ შეიძლება, რომ ის კვლავ გუნდის ლიდერი გახდეს?“, – ამბობს ჯეს ტორუპი.

აქვე ვიტყვით, რომ „გენტის“ მწვრთნელმა მოსამზადებელ ეტაპზე საკონტროლო მატჩები ბევრ ცნობილ გუნდთან დაგეგმა – „ლანსთან“, „მეცთან“, „ბეერსჰოტთან“, „ზულტე ვარეგემთან“ და „ბრიუგესთან“. ბოლოს გუნდი სპარინგ-მატჩზე საფრანგეთის ტოპ კლუბს, მარსელის „ოლიმპიკს“ შეუთანხმდა.