„გენტის“ დირექტორი თბილისშია - შემდეგი სეზონი ჩაკვეტაძის იქნება
„გენტის“ დირექტორი თბილისშია - შემდეგი სეზონი ჩაკვეტაძის იქნება

მიშელ ლუვაგი საქართველოში თბილისის „დინამოს“ პრეზიდენტის, რომან ფიფიას მოწვევით იმყოფება. ბელგიური „გენტის“ დირექტორი გუნდის საფეხბურთო აკადემიას ეწვია.

მიშელ ლუვაგი კლუბში გიორგი ჩაკვეტაძის მიწვევის ერთ-ერთი მხარდამჭერი იყო.

„30 წელია, ფეხბურთში ვარ, ევროპაში ბევრი აკადემია მინახავს და შემიძლია ვთქვა, რომ თბილისური კლუბის აკადემია მათ შორის ერთ-ერთი საუკეთესოა და ევროპულ ტოპცენტრებს კონკურენციას თავისუფლად გაუწევს. ყველა ფეხბურთელს უნდა ესმოდეს, რომ საუკეთესო პირობებში ემზადებიან და მათ ეს სათანადოდ უნდა გამოიყენონ“ – ამბობს ლუვაგი.

„გენტის“ დირექტორმა გიორგი ჩაკვეტაძის პერსპექტივებზეც ილაპარაკა.

„გიორგი ძალიან ნიჭიერი და მაღალი დონის ფეხბურთელია. რა თქმა უნდა, ბელგიისა და საქართველოს ჩემპიონატებს შორის დიდი განსხვავებაა. ამის მიუხედავად ვნახეთ, პირველი სეზონი როგორი ჩაატარა. ის გუნდს ეჩვევა, ინგლისურს სწავლობს და იმ უნარებს ითვისებს, რაც უმაღლესი დონის პროფესიონალურ კლუბში აუცილებელია – „გენტი“ კი ბელგიაში ასეთად ითვლება. მაგალითისთვის გეტყვით, რომ შარშან ჩვენ „ტოტენჰემი“ დავამარცხეთ. ასე რომ, გიორგი სწორ ნაბიჯებს დგამს, ზოგჯერ ძირითადშიც ხვდება. შემდეგი სეზონი კი მისი იქნება“, – აღნიშნა მიშელ ლუვაგმა.