გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უწყების მიერ 2019 წელს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელი გაზრდილია
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უწყების მიერ 2019 წელს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელი გაზრდილია

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 2019 წელს მოთხოვნილი პატიმრობის მაჩვენებელი მცირედით გაიზარდა. პარლამენტში წარდგენილ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პროკურორის მიერ მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიებებიდან პატიმრობის პროცენტული მაჩვენებელი 2018 წელს 29.8 პროცენტი იყო, ხოლო 2019 წელს – 37,2 პროცენტია.

უწყების ცნობით, მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა ხორციელდება ძალადობრივი დანაშაულისთვის ბრალდებული პირების მიმართ. კერძოდ, ეს არის მკვლელობა, მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ყაჩაღობა.

„აღნიშნული მუხლებით ბრალდებულ პირთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით ხდება პატიმრობის მოთხოვნა. რაც შეეხება სასამართლოს მიერ პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელს, 2018 წელს სულ გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიებებში პატიმრობის მაჩვენებელმა შეადგინა 22,8 პროცენტი, ხოლო 2019 წელს – 27,2 პროცენტი. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე პროკურორების მიერ დაყენებული შუამდგომლობების დაკმაყოფილების პროცენტულმა მაჩვენებელმა 2011 წელს შეადგინა 99.9 პროცენტი, 2012 წელს 98,3 პროცენტი, 2013 წელს – 85,6 პროცენტი, 2014 წელს – 77,1 პროცენტი, 2015 წელს – 72,7 პროცენტი, 2016 წელს – 73,5 პროცენტი, 2017 წელს – 83,2 პროცენტი, 2018 წელს – 84,9 პროცენტი, ხოლო 2019 წელს – 80 პროცენტი.

რაც შეეხება პატიმრობის დაკმაყოფილების პროცენტულ მაჩვენებლებს, ამგვარია: 2018 წელს სრულად დაკმაყოფილდა 76,5 პროცენტის შემთხვევაში, 2019 წელს – 72 პროცენტის. მითითებული მონაცემები ცხადყოფს, რომ 2013-2018 წლებში მოთხოვნილი პატიმრობის დაკმაყოფილების პროცენტული მაჩვენებელი ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა. რაც შეეხება 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით 4,5 პროცენტით არის შემცირებული“, – აღნიშნულია ანგარიშში.