გენერალური პროკურატურა - სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი 2018 წელთან შედარებით 2019 წელს 13.6 პროცენტით გაიზარდა
გენერალური პროკურატურა - სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი 2018 წელთან შედარებით 2019 წელს 13.6 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საკანონმდებლო ორგანოს 2019 წლის საქმიანობის წლიური ანგარიში წარუდგინა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ანგარიში ეხება სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების შედეგებს, ქვეყანაში ზოგადი კრიმინოგენური ვითარების შეფასებას, მათ შორის, გავრცელებული დანაშაულების სტატისტიკურ მაჩვენებლებს, მათი კატეგორიებისა და ტენდენციების მითითებით, ასევე სამართალწარმოების პროცესში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს, პროკურორთა პროფესიული გადამზადებისა და განვითარების პროგრამებს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ანგარიში არ შეიცავს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან, სასამართლო განხილვასთან ან საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებულ საკითხებს.

რაც შეეხება დოკუმენტის შინაარსს, ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს სისხლის სამართლებრივი დევნა 19 114 პირის მიმართ დაიწყო, 2018 წელს კი -16 820 პირის მიმართ.

„ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი 2019 წელს 2018 წელთან შედარებით გაიზარდა 13.6 პროცენტით (ძირითადად საქართველოს სსკ-ის 3811, 2731, 151-ე, 265-ე, 260-ე, 344-ე და 362-ე მუხლებით). 2019 წელს სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, ისევე, როგორც 2018 წელს დაფიქსირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, 126 (პირველი პრიმა მუხლი) და 260-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

გენერალურმა პროკურატურამ პარლამენტს უკვე მეორე ანგარიში წარუდგინა. გასულ წელს, შალვა თადუმაძის მიერ მომზადებული ანგარიშის განხილვა არ მოხდა, მიზეზად 20 ივნისს განვითარებული მოვლენები და საკანონმდებლო საქმიანობის შეფერხება დასახელდა.