გემ „ოუფენ არმსზე“ მყოფთაგან, იტალიაში შესვლის უფლება მხოლოდ არასრულწლოვან მიგრანტებს მისცეს
იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვან მიგრანტებს ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის უფლება მისცა. საქმე ეხება იმ მიგრანტებს, რომლებიც უკვე ორ კვირაზე მეტია, ესპანური ჰუმანიტარული ორგანიზაციის კუთვნილ გემ „ოუფენ არმსის“ ბორტზე იმყოფებიან. იტალიის მთავრობა მათ ნაპირზე გადასვლის უფლებას არ აძლევს. გემზე 100 მეტი მიგრანტი რჩება.
იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მატეო სალვინიმ 27 არასრულწლოვან მიგრანტს გემის დატოვების უფლება ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ მისცა. ისინი გაძლიერებული დაცვით კუნძულ ლამპედუზაზე ჩაიყვანეს. ახალგაზრდა მიგრანტები გემზე თანმხლები პირების გარეშე იმყოფებოდნენ.
გემ „ოუფენ არმსის“ კაპიტანი აცხადებს, რომ ხომალდზე მყოფი მიგრანტები „გამოუვალ მდგომარეობაში არიან და იმ შემთხვევაში, თუ იტალიის მთავრობა მათ ნაპირზე გადასვლას აუკრძალავს, მიგრანტები წყალში გადახტომას და ნაპირამდე მიცურვას აპირებენ“.