გელაშვილმა „პანსერაიკოსში“ სადებიუტო მატჩი ჩაატარა – კვერნაძემ სეზონი მოგებით დაიწყო #1TVSPORT

02:48, 25.08.2025

საბერძნეთის სუპერლიგაში ივა გელაშვილმა „პანსერაიკოსში“ სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა, რომელიც ათენში აეკ-ს ესტუმრა და 0:2 წააგო. 24 წლის ქართველმა მცველმა მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და ბოლომდე ითამაშა.

ლუკა გუგეშაშვილის პაოკ-მა შინ „ლარისა“ 1:0 დაამარცხა, ქართველი მეკარე კი ისევ სათადარიგოთა შორის დარჩა. გუგეშაშვილმა ახალ გუნდში ჯერ მხოლოდ ამხანაგურ მატჩებში მიიღო მონაწილეობა.

ისრაელის ჩემპიონატში საბა ხვადაგიანის ნეთანიის „მაკაბიმ“ ბეერ შევას „ჰაპოელს“ უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმის შემდეგ 2:0-ს იგებდა, საბოლოოდ 2:4 დამარცხდა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.

ილია ბერიაშვილი ტრავმის შემდეგ ბუდაპეშტის მტკ-ს დაუბრუნდა, რომელმაც „პაკშს“ უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა – ქართველმა მცველმა თავიდან ბოლომდე ითამაშა.

გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ“ იტალიის სერია B-ს ახალი სეზონი „აველინოსთან“ მოგებით გახსნა – 2:0. ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 75 წუთი გაატარა. 62-ე წუთზე მასპინძლები კაცნაკლულნი დარჩნენ და მწვრთნელმა ქართველი თავდამსხმელი მცველით შეცვალა.

MLS-ში საბა ლობჟანიძის „ატლანტამ“ „ტორონტო“ მიიღო და ქულა მოიპოვა – 0:0. „ჯვაროსანთა“ მარჯვენა გარემარბი მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 61 წუთი ითამაშა, მაგრამ ამჯერად საგოლე მოქმედებით თავი არ გამოუჩენია.

მსგავსი