გელაშვილის დებიუტი და ლოჩოშვილის სრული მატჩი - იტალიაში ქართველების გუნდებიდან მხოლოდ „ტორინომ“ მოიგო #1TVSPORT
გელაშვილის დებიუტი და ლოჩოშვილის სრული მატჩი - იტალიაში ქართველების გუნდებიდან მხოლოდ „ტორინომ“ მოიგო #1TVSPORT

იტალიაში საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრების სამი ფეხბურთელის გუნდმა ითამაშა, ივა გელაშვილმა კი „სპეციაში“ სადებიუტო თამაში ჩაატარა.

სერია A-ში, „ტორინოში“ გადასვლის შემდეგ საბა საზონოვი „ჯენოას“ წინააღმდეგ შეხვედრაში განაცხადში მოხვდა. ამ დაპირისპირების ბედი „ტორინოს“ სერბმა ნახევარმცველმა, ნემანია რადონიჩმა გადაწყვიტა, რომელმაც „ჯენოას“ 90+4-ე წუთზე გაუტანა და გუნდს სეზონში პირველი გამარჯვება მოუტანა.

სერია A-ში გამართული სამი ტურის შემდეგ „ტორინო“ ოთხი ქულით მე-11 ადგილზეა.

სერია B-ს მეოთხე ტურში ორივე ქართველმა ითამაშა. „კრემონეზეში“ ლუკა ლოჩოშვილი „სამპდორიას“ წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში იყო და 38-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. თამაში 1:1 დასრულდა.

კრემონელებს მოგებაც შეეძლოთ – ქართველმა მცველმა მეკარესთან დასარტყმელ პოზიციაზე კრისტიან ბუონაიუტო გაიყვანა, რომელმაც „სამპდორიას“ მეკარეს ვერ აჯობა.

„სპეციაში“ ივა გელაშვილმა პირველივე წუთებიდან ითამაშა. ქართველი მცველის გუნდმა შინ „კომო“ მიიღო და 0:1 დამარცხდა. გელაშვილი შესვენების შემდეგ შეცვალეს – ქართველი ფეხბურთელის ნაცვლად მოედანზე თავდამსხმელი სალვატორე ელიათი შევიდა.

ოთხი ტურის შემდეგ „კრემონეზე“ ხუთი ქულით მერვე პოზიციაზეა, ხოლო „სპეციას“ ერთი ქულა აქვს და მე-18 ადგილზეა.