გელა ზაალიშვილის იპონი ზაგრების გრან-პრიზე საუკეთესოდ დასახელდა [ვიდეო]

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) ოფიციალურმა „იუთუბ“ (Youtube) არხმა  ზაგრების „გრან-პრის“ ტოპ-5 იპონი გამოაქვეყნა. საუკეთესო ხუთეულის პირველ ადგილს ქართველი მძიმეწონოსანი გელა ზაალიშვილი იკავებს.

ტურნირის ორგანიზატორებმა მომავალი ჩემპიონი ზაალიშვილის მიერ ფინალის დამატებით დროში შესრულებული გდება გამოარჩიეს. რიოს ოლიმპიური თამაშების ფინალისტ იაპონელ ჰისაიოში ჰარასავასთან ოქროს მედლისთვის ბრძოლის ძირითად დრო ძიუდოისტებმა გდებების გარეშე დაასრულეს. „ოქროს ქულამ“ კი, რომელიც 19 წლის ქართველმა გოლიათმა დამატებითო დროის დაწყებიდან ნახევარ წუთში აიღო, მას ჩემპიონობასთან ერთად ასეთი აღიარებაც მოუტანა.

შეგახსენებთ, რომ ზაალიშვილისთვის ეს მიმდინარე წელს მეორე პრესტიჟული ტიტული იყო. მსოფლიო რეიტინგის მე-17 ნომერმა ქართველმა მაისში ბაქოს „გრანდ სლემიც“ მოიგო.

ზარების „გრან-პრის“ ხუთი საუკეთესო იპონის სრული სია ასე გამოიყურება:

5. ჩელსი ჯილესი (დიდი ბრიტანეთი) 52 კგ.

4. არიუნბოლდ ენხთაივანი (მონღლეთი) 60 კგ.

3. მარინდე ვარკერკი (ჰოლანდია) 78 კგ.

2. ტაკანორი ნაგასე (იაპონია) 81 კგ.

1. გელა ზაალიშვილი (საქართველო) +100 კგ.