გელა შეყილაძე ტაჯიკეთის ნაკრების ახალი მწვრთნელია - მას თამაზ ბოკერია დაეხმარება #1TVSPORT
გელა შეყილაძე ტაჯიკეთის ნაკრების ახალი მწვრთნელია - მას თამაზ ბოკერია დაეხმარება #1TVSPORT

ტაჯიკეთის ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელად 53 წლის ქართველი სპეციალისტი გელა შეყილაძე დაინიშნა, რომელიც მანამდე პეტრ სეგრტის ასისტენტი იყო, – ინფორმაციას ამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.

„ტაჯიკეთის ნაკრების მთელი სამწვრთნელო შტაბი, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში მუშაობდა, ეროვნულ ნაკრებთან მუშაობას გააგრძელებს. შეყილაძის თანაშემწე კიდევ ერთი ქართველი სპეციალისტი თამაზ ბოკერია იქნება.

გელა შეყილაძე ფეხბურთელობისას მცველად თამაშობდა ბათუმის „დინამოში“ (საქართველო), „ლიერსში“ (ბელგია), „როზელარეეში“ (ბელგია), „არსენალში“ (უკრაინა) და ცსკა-ში (უკრაინა). საქართველოს ნაკრებში მან 22 მატჩი ჩაატარა.

2007-2011 წლებში გელა შეყილაძე ხელმძღვანელობდა საქართველოს სხვადასხვა ასაკის ნაკრებს (U-15, U-16, U-19, U-21). გარდა ამისა, შეყილაძე იყო საქართველოს, ავღანეთის, მალდივისა და ტაჯიკეთის ნაკრებებში მთავარი მწვრთნელის, პეტრ სეგრტის ასისტენტი. 53 წლის გელა შეყილაძე უეფა-ს პრო კატეგორიის მწვრთნელის ლიცენზიას ფლობს“, – წერია ტაჯიკეთის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.

გელა შეყილაძე და თაზო ბოკერია, პეტრ სეგრტის მიწვევით, ტაჯიკეთში 2021 წელს ჩავიდნენ და ეროვნული ნაკრები ჩაიბარეს. ტაჯიკეთის ნაკრები 2022 წელს ქვეყნის ისტორიაში პირველად გავიდა აზიის ჩემპიონატზე, წელს კი აზიის თასზე მეოთხედფინალამდე მიაღწია.