გელა ხუციშვილი - ჩვენთვის უმთავრესი ტერიტორიის შენარჩუნება უნდა იყოს, თუ ტერიტორიას დავკარგავთ, ერი აღარ ვიქნებით
გელა ხუციშვილი - ჩვენთვის უმთავრესი ტერიტორიის შენარჩუნება უნდა იყოს, თუ ტერიტორიას დავკარგავთ, ერი აღარ ვიქნებით

პრეზიდენტი მაღალი ლეგიტიმაციის მქონე პოლიტიკური ფიგურაა და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ისე გაგება, რომ მისი უფლებამოსილება მაქსიმალურად შეზღუდულია, – ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა, გელა ხუციშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დებატები 2018“ განაცხადა.

„უსაფრთხოების თვალსაზრისით, პრეზიდენტმა, უპირველეს ყოვლისა, უნდა იცოდეს, მისი სახელმწიფო რომელი საზღვრების ფარგლებშია და დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს საზღვრების ინვენტარიზაცია. ამის შედეგ, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ყველა საერთაშორისო ხელშეკრულების რევიზია, რომელიც 1992 წლის შემდეგ იქნა გაფორმებული; არმია გადაყვანილი უნდა იყოს კადრირებულ პრინციპზე და პირადი შემადგენლობა გამოთავისუფლდეს; დაზოგილი თანხები უნდა მიემართოს ოფიცერთა და უმცროს მეთაურთა მომზადებისთვის, ხოლო რეზერვის მომზადება განსაკუთრებული მოქმედებით უნდა წარიმართოს“, – განაცხადა ხუციშვილმა.

მისი თქმით, უნდა გაძლიერდეს ახალგაზრდების პატრიოტული აღზრდა, რაც საკმაოდ დაკნინებულია და შეიქმნას სამხედრო ლიცეუმები, სადაც ნებაყოფლობით ნიჭიერ ბავშვებს მოამზადებენ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რას მიიჩნევს ის ქვეყნის მთავარ საგარეო პოლიტიკურ გამოწვევად და თუ მისი ხედვა მმართველი გუნდის ხედვისგან განსხვავდება, როგორ აპირებს საკუთარი ხედვის გატარებას, გელა ხუციშვილმა განაცხადა, რომ მთავრობისა და პრეზიდენტის შეუთანხმებელი მოქმედება წარმოუდგენლად მიაჩნია. მისი თქმით, ეცდება, მთავრობას თავისი ხედვა დაუსაბუთოს, ხოლო თუ აღმოჩნდება, რომ მის მიერ დაყენებული საკითხი მთავრობისთვის მიუღებელია და მთავრობის არგუმენტები სუსტია, მოუხმობს იმ ადამიანებს, ვისი მეშვეობითაც იქნება არჩეული.

„ჩვენი სახელმწიფოს მუდმივი ინტერესია ის, რასაც მუდმივად ედავებიან – ტერიტორია და ჩვენთვის უმთავრესი ამ ტერიტორიის შენარჩუნება უნდა იყოს, რადგან თუ ტერიტორიას დავკარგავთ, ერი აღარ ვიქნებით და ვიქნებით ეროვნება. სახელმწიფოს არ ჰყავს მუდმივი მტრები და არ ჰყავს მუდმივი მეგობრები, მას მუდმივი ინტერესები აქვს, მაგრამ სახელმწიფო ხელისუფლების დღევანდელი მმართველები საკითხს ასე არ უდგებიან. მე მათი აგრესიული ოპონენტი არ ვარ, რადგან მესმის, რომ მათ უბრალოდ, არ იციან და არ ესმით. როცა ქვეყნის მართვაში მონაწილეობას არ იღებს სტრატეგიული და ოპერატიული დონე, ქვეყანაში ტაქტიკური დონე მართავს და შესაბამისად, მათ მეტი არც მოეთხოვებათ. თუმცა, მოქმედება, ან უმოქმედობა, რომელსაც მძიმე შედეგი მოსდევს, დანაშაულია“, – განაცხადა ხუციშვილმა.

შეკითხვაზე, რას ფიქრობს ის ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, გელა ხუციშვილმა აღნიშნა, რომ ინტეგრაციის პროცესების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, უკვე ძალიან დიდი დრო გავიდა და ის უკვე სკეპტიკურად არის განწყობილი, რომ ეს შეიძლება მოხდეს, მაგრამ თანამშრომლობას ყველასთან მიზანშეწონილად მიიჩნევს, რაც ქვეყანას გამოადგება.