გეგმა, თუ როგორ შეცვლის ფიფა მსოფლიოში საფეხბურთო კალენდარს -17-წლამდელების ჩემპიონატი ყოველწლიურად, 20-წლამდელების ორ წელიწადში ერთხელ​ #1TVSPORT
გეგმა, თუ როგორ შეცვლის ფიფა მსოფლიოში საფეხბურთო კალენდარს -17-წლამდელების ჩემპიონატი ყოველწლიურად, 20-წლამდელების ორ წელიწადში ერთხელ​ #1TVSPORT

ფიფა-მ მსოფლიოში საფეხბურთო ტურნირების კალენდრის გლობალური ცვლილების პროექტი წარმოადგინა. ამ ორგანიზაციის პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ ჩამოაყალიბა კონსულტაციის პროცესის გრაფიკი, რომელიც ჯერ ფეხბურთელებთან და მწვრთნელებთან დაიწყო, შემდეგ კი მეორე ეტაპზე გადავიდა წევრი ასოციაციების, კონფედერაციებისა და დაინტერესებული მხარეების, განსაკუთრებით გულშემატკივრების მონაწილეობით. ყოვლისმომცველი ანგარიში გამოქვეყნდება 2021 წლის ნოემბერში.

„გვაქვს შესაძლებლობა გავიხედოთ წინ და ავაშენოთ მომავალი, რადგან ჩვენი ხედვაა, რომ ფეხბურთი მართლაც გლობალური გახდეს. შევიტანთ ცვლილებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ყველასთვის სასარგებლო იქნება. ამ პროცესით არავინ უნდა დამარცხდეს, პირიქით, ყველამ უნდა ისარგებლოს და უკეთესი გახდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რაიმეს შეცვლას აზრი არ აქვს“, – განაცხადა ფიფა-ს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ.

მამაკაცთა საერთაშორისო კალენდრის შესახებ წინადადებები ცნობილმა ფრანგმა სპეციალისტმა, მათემატიკოსმა არსენ ვენგერმა წარმოადგინა:

„ეს არის თამამი წინადადება და ოთხ ძირითად პრინციპს ემყარება: ეროვნული ნაკრების შესარჩევი მატჩების გადაჯგუფებას, მოთამაშეთა მოგზაურობის შემცირებას, მნიშვნელოვანი თამაშებისა და ფინალებისთვის სათანადო პერიოდის გამოყოფას და სეზონებს შორის, მოთამაშეებისთვის სავალდებულო დასვენების პერიოდის დაწესებას“, – თქვა ფიფას გლობალური ფეხბურთის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვენგერმა.

მანვე ბიჭებისა და გოგონების ტურნირებისთვის ორი წინადადება წარმოადგინა. პირველი ვარიანტი მოიცავს ყოველწლიურ მსოფლიო ჩემპიონატს 17-წლამდ ნაკრებებისთვის, სადაც 48 გუნდი ითამაშებს და ორ წელიწადში ერთხელ 20-წლამდელების ტურნირს, ოღონდ 24 გუნდის მონაწილეობით. მეორე ვარიანტია 48 გუნდის მონაწილეობით 16 და 18-წლამდელი ნაკრებების ყოველწლიური ტურნირის დაგეგმვა და ყოველ ორ წელიწადში – 20-წლამდელების ტურნირი 24 გუნდის მონაწილეობით.

ფიფა ადგენს ეროვნული ნაკრებების მატჩების თარიღებს და იმ დღეებს, როდესაც კლუბებმა ფეხბურთელები ნაკრებებში უნდა გაუშვან. ამით ფიფა თამაშობს ცენტრალურ როლს ფეხბურთის ზრდაში მსოფლიოს ყველა რეგიონში და ყველა დონეზე. კალენდრის შეცვლის ინიციატივა საერთაშორისო კალენდრის ზედმეტი გადატვირთვის გამო წარმოიქმნა. მაგრამ ცნობილია, რომ უეფა კატეგორიული წინააღმდეგია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ გაიმართოს. რეალურად, ამ ყველაფრის მიღმა, ორ უდიდეს საფეხბურთო ორგანიზაციას შორის შემოსავლებისთვის ბრძოლა იმალება.

დატოვე კომენტარი