გედევან ფოფხაძე - განცხადებას უმრავლესობიდან გასვლის თაობაზე არ ვწერ
გედევან ფოფხაძე - განცხადებას უმრავლესობიდან გასვლის თაობაზე არ ვწერ

პარლამენტის წევრი გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ განცხადებას უმრავლესობიდან გასვლის თაობაზე არ წერს და თუკი ვინმეს აქვს მასთან პრეტენზია, ამ პრეტენზიას კი სამართლებრივ შედეგებში გადასახავს, ეს ამ ადამიანების ინიციატივა იქნება.

გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ მისი ამოცანა არ არის არავის გახლეჩვა და პირიქით, სურს, გუნდმა სწორი გადაწყვეტილება მიიღოს.

„განცხადებას უმრავლესობიდან გასვლის თაობაზე არ ვწერ, ასე რომ, ტექნიკურად ამ პროცესს არ ვიწყებ. თუ უმრავლესობაში აქვს ვიღაცას ჩემ მიმართ პრეტენზია და უნდა, ეს პრეტენზია სამართლებრივ შედეგებში გადასახოს, ეს უკვე იქნება იმ ადამიანების ინიციატივა და ისინი დააყენებენ ასეთ საკითხს.

მე მგონია, რომ ის კი არ უნდა ვარჩიოთ, ვინ იყო ჩვენ შორის მტყუანი, არსებული პრობლემების გადალახვაზე და უმრავლესობის განვითარებაზე ერთად უნდა ვიფიქროთ და მე მზად ვარ, ისევე, როგორც ხუთი წელი შემქონდა ჩემი წვლილი გუნდის საქმიანობაში, ამაშიც შევიტანო.

ჩემი ამოცანა და მიზანი არავის გახლეჩვა და არავის დაზარალება არ არის, პირიქით, მინდა, გუნდმა სწორი გადაწყვეტილება მიიღოს სწორი გზით“, – განაცხადა პირველ არხთან საუბრისას გედევან ფოფხაძემ.

დეპუტატის თქმით, ახლა არსებითად მნიშვნელოვანი პარტიისთვის სწორი გზით გადაწყვეტილების მიღებაა და თუ ეს შეთანხმებები ვერ მოხერხდა და ვინმეს წასვლა მოუხდა, ეს ტრაგედია არ იქნება.

გედევან ფოფხაძე იმ კონსულტაციებსაც გამოეხმაურა, რომელიც საკითხის ირგვლივ უმრავლესობაში ჩაინიშნა და რომელიც სავარაუდოდ მომდევნო კვირას შედგება.

„მე ახლა უფრო სწორად მიმაჩნია, დავანებოთ თავი საჯარო სივრცეში ერთმანეთის გაკრიტიკებას. დავსხდეთ და უმრავლესობის სხდომა კითხვებს პასუხსა გასცემს, რაც მოგვცემს საშუალებას, ერთმანეთთან საერთო ენა გამოვნახოთ.

არ მინდა, ვინმეს ხელი შევუშალო, ემსახუროს ამ ქვეყანას, მაგრამ მეც მინდა, მომეცეს საშუალება, რომ პირნათლად, ჩემი სინდისიდან გამომდინარე ვემსახურო ჩემს ქვეყანას და ჩემს ხალხს“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.