გედევან ფოფხაძე - ეკა ბესელიას ამოცანაა, ყველასათვის ნათელი იყოს ჩვენი გუნდის საერთო პოზიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით
გედევან ფოფხაძე - ეკა ბესელიას ამოცანაა, ყველასათვის ნათელი იყოს ჩვენი გუნდის საერთო პოზიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით

ეკა ბესელიას ამოცანაა, ყველასათვის ნათელი იყოს ჩვენი გუნდის საერთო პოზიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ მისი კოლეგის, ეკა ბესელიას შესახებ ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა.

ფოფხაძის თქმით, ბესელია სავარაუდოდ გააკეთებს კომენტარს იმაზე, ვინ უჭერს მხარს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არსებულ სიას.

„მიმაჩნია, რომ რა განცხადებაც უნდა გააკეთოს ეკამ, რა ეთერიც არ უნდა იყოს, მისი ამოცანაა, რომ ყველასათვის ნათელი იყოს ჩვენი გუნდის საერთო პოზიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით, რომელიც გაგვაჩნია. ამიტომ, ყველა სხვა საკითხი უფრო ორგანიზაციულ და ტექნიკურ საკითხს წარმოადგენს, ვიდრე არსებითს. მთავარი არის ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის ღირსეული მართლმსაჯულების უფლებისთვის ბრძოლა, ეს არის მთავარი. რაც დაგვჭირდება ამისთვის, ის უნდა გავაკეთოთ.

ქალბატონი ეკა ალბათ ამაზეც გააკეთებს კომენტარს, ვინ უჭერს მხარს ამ სიას. ვიღაცები უჭერენ მხარს, აბა ციდან ხომ არ ჩამოფრენილან, უცხოპლანეტელები ხომ არ არიან. ამას გარანტირებულად გეტყვით და არც თოვლის ბაბუას მოუტანია ეს სია“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ფოფხაძის თქმით, საუბარი არის იმაზე, რომ ასეთი მოსამართლეების შეთავაზებაც კი არავის მოუვიდეს თავში აზრად.

„ჩვენ ქვეყანას სჭირდება ღირსეული მართლმსაჯულება. ღირსეული მართლმსაჯულება ეს არის სიმართლის უფლება ყველა მოქალაქისთვის. უზენაეს სასამართლოში თუ მოხვდებიან სააკაშვილის ზონდერ მოსამართლეები, ჩვენ დავკარგავთ სიმართლისთვის ბრძოლის უფლებას. რა კარგი კანონებიც უნდა მივიღოთ, ეს მოსამართლეები ამ კანონებს ძმრად ამოგვადენენ მერე უზენაეს სასამართლოში. ამიტომ, ეს არის ის, რასაც ყველა უნდა ერთად ვემსახურებოდეთ, კარგად გავიაზროთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ჩვენი ქვეყნისთვის. საკითხი არის ძალიან პრინციპული და ამისათვის ღირს ბრძოლა, გაერთიანება, საზოგადოებასთან უფრო მეტი კომუნიკაცია“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.