„გაზეტა დელო სპორტი“ კვარაცხელიაზე - მას აქვს ტექნიკური მახასიათებლები, იტალიაშიც ჩემპიონი რომ გახდეს #1TVSPORT
„გაზეტა დელო სპორტი“ კვარაცხელიაზე - მას აქვს ტექნიკური მახასიათებლები, იტალიაშიც ჩემპიონი რომ გახდეს #1TVSPORT

„ნაპოლი“ სერია A-ს პირველი ტურის შეხვედრას 16 აგვისტოს „ვერონასთან“ გამართავს. მატჩამდე „გაზეტა დელო სპორტმა“ ნეაპოლურ კლუბსა და მის ახალწვეულებზე, მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელიაზე საინტერესო წერილი გამოაქვეყნა.

 

„ნაპოლი“ და „კ“ ფაქტორი – ადრე კულიბალი იყო, ახლა კიმი და კვარაცხელია

„ნაპოლი“ სადებიუტო მატჩს „ვერონასთან“ ითამაშებს. კორეელი ცდილობს თავი დაიმკვიდროს, ქართველს კი გაცილებით რთული გამოწვევა აქვს.

„კ“ ფაქტორი „ნაპოლიში“ კვლავ მნიშვნელოვანია. იმიტომ, რომ ორშაბათი „ვერონაში“ პირველი იქნება კალიდუ კულიბალის, დაუძლეველი „კ“ ფაქტორის გარეშე და რომ ეს იქნება კორეელი კიმ მინ ჯეისა და ასევე ქართველი ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი. ეს იქნება ლუჩიანო სპალეტისთვის სიახლეები. თორემ ძირითადად ნაცნობი „ნაპოლი“ იქნება.

 

კიმი

ფენერბაჰჩედან“ ჩამოსული კორეელისთვის ადვილი არ იქნება კულიბალის ჩანაცვლება, რომელიც უკვე „ჩელსის“ საკვანძო მოთამაშე გახდა. კიმს აქვს ფიზიკური ძალა, კარგი ტექნიკა და, უპირველეს ყოვლისა, დიდი მონდომება მოედანზე ყველაფრის გასაცემად. კასტელ დე სანგროს შეკრებაზე ჩასვლისთანავე მან შთაბეჭდილება მოახდინა ყველაზე, როდესაც გუნდელები ვახშამზე მიიწვია, რათა ემღერა, მიუხედავად ენაში აშკარა სირთულისა. მოკლედ, კიმს სურს სწრაფად გაიგოს იტალიური ენა და ლიგას შეეგუოს.

 

კვარადონა

ხვიჩას რამდენიმე ნეაპოლელმა გულშემატკივარმა „კვარადონა“ შეარქვა, რამაც შესაძლოა, 21 წლის ქართველი ახალგაზრდა შეაშინოს. მაგრამ კვარაცხელიას უყვარს გამოწვევები. რა თქმა უნდა, აგვისტოს ტესტ-მატჩები ასტიმულირებს ოცნებებს, რომლებიც ყოველთვის რეალობაში არ აისახება. მაგრამ ამ შემტევ გარემარბს, როგორც ჩანს, აქვს ტექნიკური მახასიათებლები იტალიაშიც ჩემპიონი რომ გახდეს.

მისი სიმსუბუქე ჩვენი სუპერტაქტიკური ჩემპიონატის გამოცდას გაივლის. მაგრამ სპალეტის გაკვეთილები, როგორც ჩანს, კვარამ ყურადღებით მიიღო. კაპიტან ლორენცო ინსინიეს ჩანაცვლება უმადურ ამოცანას წარმოადგენს. ქართველს შეუძლია თამაშს სიჩქარე და სიღრმე შემატოს. ზუსტად ის, რასაც სპალეტი განახლებული 4-3-3 ფორმირებიდან ითხოვს. ასე რომ, გუნდი ერთი „კ“ ფაქტორიდან ორზე – კიმსა და კვარაცხელიაზე გადაეწყობა“, – წერს „გაზეტა დელო სპორტი“.