გავაშელიშვილი „ლოკომოტივთან“ ერთად ვარჯიშობს, მახარობლიძე რეაბილიტაციას გადის
გავაშელიშვილი „ლოკომოტივთან“ ერთად ვარჯიშობს, მახარობლიძე რეაბილიტაციას გადის

თბილისის „ლოკომოტივმა” თბილისის „საბურთალოსთან“ საქართველოს თასის ფინალამდე, ბოლო ვარჯიში საგურამოს ბაზაზე ჩაატარა.

გორში გამგზავრებამდე, ლევან კორღალიძის გუნდში მამია გავაშელიშვილმა ივარჯიშა. ფეხბურთელი მძიმე დაავადებისგან სრულად განიკურნა და ბოლო 10 დღეა, რაც გუნდთან ერთად ემზადება.

მართალია, 24 წლის თავდამსხმელი ჯერ სრული პროგრამით არ ვარჯიშობს, მაგრამ აღდგენის პროცესი სწრაფად და უმტკივნეულოდ მიდის.

საქართველოს პირველ არხთან გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლევან კორღალიძემ იმედი გამოთქვა, რომ გავაშელიშვილი სრულ დატვირთვაზე იანვრიდან გადავა, როდესაც გუნდი ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგება.

ასევე,   მომავალი წლიდან გუნდს ბიძინა მახარობლიძე შეუერთდება, რომელიც სეზონის მსვლელობისას მძიმედ დაშავდა. „ლოკომოტივის“ შემტევმა ნახევარმცველმა ოპერაცია გაიკეთა და ახლა რეაბილიტაციას გადის.