გაუმჯობესებული სტატისტიკა - ევროპის წამყვან ლიგაში მეშვიდე ქართველი ითამაშებს #1TVSPORT
ბუნდესლიგის „ჰაინდემჰაიმში“ გადასული ბუდუ ზივზივაძე კიდევ ერთი ქართველია, რომელიც ტოპ-ლიგის გუნდში ჩაირიცხა და მიმდინარე სეზონში მეშვიდე ფეხბურთელი გახდა, ვინც ევროპის საუკეთესო ლიგის კლუბში ითამაშებს.
ყველაზე მეტი „ჯვაროსანი“ იტალიაშია – ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი)“, საბა გოგლიჩიძე და საბა საზონოვი („ემპოლიში“). ორი ქართველი საფრანგეთის ლიგა 1-ში თამაშობს – გიორგი მიქაუტაძე („ლიონი“) და ზურიკო დავითაშვილი („სენტ-ეტიენი“), ხოლო ესპანეთის ლა ლიგაში – მხოლოდ გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“) ასპარეზობს.
ბუდუ ზივზივაძე 11-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ნაკრების პირველი ფეხბურთელია, რომელსაც ბუნდესლიგაში ექნება თავის გამოჩენის შანსი – ბოლოს, 2014 წელს, ბერლინის „ჰერტაში“ ლევან კობიაშვილმა ითამაშა.
თუმცა, ბოლოს ბუნდესლიგაში 4 წლის წინ წარმოშობით ქართველმა, გერმანიის მოქალაქემ, აკაკი გოგიამ ითამაშა, რომელიც 2019-2021 წლებში ბერლინის „უნიონში“ გამოდიოდა. 2016/17 წლებში „ფრაიბურგში“ საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში ნათამაშები, დედით ქართველი ლუკას ჰუფნაგელი ირიცხებოდა, მაგრამ არ უთამაშია.