გაუგებარი სკანდალი „როტორში“ - გუნდს ედავებიან, რომ ქართველების ტრანსფერში ფული გადაიხადა
რუსულ მედიაში გრძელდება სკანდალი, რომლის მიზანიც აშკარად გამოიკვეთა – გარკვეულ წრეებს ვოლგოგრადის „როტორში“ ქართველი მენეჯერის, მამუკა ჯუღელისა და ფეხბურთელების სიმრავლე აღიზიანებთ.
რუსულ მედიაში ვოლგოგრადის „როტორისა“ და გუნდის ქართველი ფეხბურთელების წინააღმდეგ აგორებულ სკანდალში ახალი თემა ამოატივტივეს – ყაზანის „რუბინიდან“ ზურაბ დავითაშვილისა და მოსკოვის „ლოკომოტივიდან“ საბა კვირკველიას გადასვლაში გუნდმა გარკვეული თანხა დახარჯა და ახლა ამას ედავებიან.
„ვოლგოგრადის „როტორის“ ქართველი ლეგიონერების – ზურაბ დავითაშვილისა და საბა კვირკველიას გამგზავრებისთვის გუნდმა უცნაური შინაარსის თანხები გადარიცხა. წყაროს თანახმად, თითქმის 20 მილიონი მანეთი (დაახლოებით, 257 ათასი დოლარი) გადაუხადეს მოთამაშეებს, როგორც „მოგზაურობის კომპენსაცია“. კვირკველიას გადაადგილება კლუბს 11 მილიონ 500 ათასი მანეთი (დაახლოებით, 148 ათასი დოლარი) დაუჯდა, დავითაშვილმა კიდევ 8 მილიონი (102 ათასი) მიიღო. დამატებით 4,5 მილიონი მანეთი (58 ათასი დოლარი) მიიღო გუნდის ახალწვეულმა კირილ კოლესნიჩენკომ“, – იუწყება „მუტკო პროტივ“.
ტელეგრამ არხის ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ეს ის თანხაა, რომელსაც გუნდები ახალწვეულების იჯარაში მათ კლუბებს უხდიან. ეს მოგონილი სკანდალი კითხვებს ამიტომაც ბადებს – თუკი ფეხბურთელების იჯარაში კლუბები თანხებს მთელ მსოფლიოში იღებენ და ეს ჩვეული ამბავია, ქართველების ტრანსფერი რატომ გახდა სკანდალური.
შეგახსენებთ, რომ ვოლგოგრადის „როტორში“ საბა კვირკველია, ზურაბ დავითაშვილი, ბექა მიქელთაძე და ნიკა ყიფიანი თამაშობენ. როგორც ჩანს, გუნდში ქართველების სიმრავლე რუსეთის საფეხბურთო სამყაროს ნაწილს საკმაოდ აღიზიანებს.