გასული წლის გამარჯვებულებმა ტიტულები შეინარჩუნეს - „თბილისი ჰილსში“ გოლფში საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა #1TVSPORT
გასული წლის გამარჯვებულებმა ტიტულები შეინარჩუნეს - „თბილისი ჰილსში“ გოლფში საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა #1TVSPORT

24-25 ივლისს საქართველოს გოლფის ფედერაციის ორგანიზებით, გაიმართა ეროვნული ჩემპიონატი, სადაც 30-მდე მოთამაშე მონაწილეობდა. ტურნირს „თბილისი ჰილსმა“ უმასპინძლა, რომელიც საქართველოში პირველი საერთაშორისო დონისა და პრემიუმ კლასის გოლფ კლუბია.

ჩემპიონატში მონაწილეობენ როგორც ქალები, ასევე მამაკაცები. ქალებში I ადგილზე თამარ ბეციაშვილი გავიდა, რომელმაც ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა, II ადგილზე – მაკა გოცირიძე, ხოლო III ადგილზე – ნათია შუბლაძე. კაცებში გამარჯვებული ზაურ გაბაიძე გახდა, რომელიც ასევე გასული წლის ჩემპიონია. სამეულში მოხვდნენ ქართლოს დიასამიძე (II ადგილი) და გოჩა დიასამიძე (III ადგილი).

საქართველოს გოლფის ფედერაცია, რომელიც 2007 წელს დაარსდა, ევროპის გოლფის ასოციაციის წევრი 2014 წელს გახდა, ხოლო 2015 წლიდან მსოფლიოს პირველი და ყველაზე პრესტიჟული გოლფ კლუბის – R&A (Royal and Ancient Golf Club of St Andrews) წევრია. ფედერაციის მიზანია საქართველოში ამ სპორტის პოპულარიზაცია და განვითარებაა.

„ეს საქართველოს მესამე ჩემპიონატი იყო და მინდა თითოეულ მონაწილეს მადლობა გადავუხადო, რადგან მათი დამსახურებაა, ჩვენთან გოლფი რომ ვითარდება. ამ საქმეს ერთეულები ვიწყებდით, ახლა კი 30-მდე მონაწილე გვყავდა. რომ არა კოვიდშეზღუდვები, რის გამოც სტუმრები ვერ ჩამოვიდნენ, 70-მდე მონაწილეც გვეყოლებოდა“, – ამბობს საქართველოს გოლფის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი მიხეილ ძაძამია.