გასული სეზონის გამო რეაბილიტაციის სურვილი უდიდესი იყო – მოდრიჩი „მილანთან“ ახალ კონტრაქტზე #1TVSPORT

09:01, 24.07.2026

„მილანმა“ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ახალი ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა 40 წლის ხორვატ ნახევარმცველთან, ლუკა მოდრიჩთან. ფეხბურთელმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე ახსნა კარიერის გაგრძელების მოტივაცია.

„მოხარული ვარ, რომ ისევ ვრჩები „მილანის“ რიგებში, სადაც პირველივე დღიდან თბილად მიმიღეს და შემიყვარეს.

შარშანდელი სეზონის შემდეგ, რომელმაც არ გაამართლა ჩვენი მოლოდინი, რეაბილიტირების უდიდესი სურვილი არსებობს. ჩვენ გველოდება ახალი სეზონი და ახალი გამოწვევა; ასევე, ახალი პროექტი, რომლის მჯერა და რომელიც ნამდვილ მოტივაციას მაძლევს.

მე ისევ მზად ვარ, მთელი ძალები გავიღო ამ მაისურისთვის. მოუთმენლად ველოდები „სან-სიროზე“ დაბრუნებას და მაყურებლის ხმის გაგონებას.

წინ, „მილანი!““ – განაცხადა მოდრიჩმა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.

ხორვატი ნახევარმცველი „მილანში“ 2025 წლის ზაფხულში „რეალიდან“ გადავიდა. გასულ სეზონში მან 37 მატჩში ორი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. „მილანმა“ სერია A მეხუთე ადგილზე დაასრულა.

მსგავსი