გარიგებულ მატჩში ბრალდებული ფეხბურთელი განმარტებას აკეთებს
გარიგებულ მატჩში ბრალდებული ფეხბურთელი განმარტებას აკეთებს
ე.წ. ჩაწყობილი თამაშების ახალ საქმეში რვა მოქმედი და სამი ყოფილი ფეხბურთელი ფიგურირებდა. „ვიტ ჯორჯიას“, „ჭიათურას“ და ლანჩხუთის „გურიას” დაკავებული ფეხბურთელების ნაწილი საპროცესო შეთანხმებით გამოუშვეს.
 
ერთ-ერთი მათგანი „ვიტ ჯორჯიას“ მცველი გიორგი გეთიაშვილია. საქართველოს ახალაგზრდული ნაკრებისა და თბილისის „დინამოს“ ყოფილი მოთამაშე სოციალურ ქსელში გავრცელებულ საგანგებო პოსტში ამტკიცებს, რომ გავრცელებული ფარული ვიდეოჩანაწერი (სადაც სავარაუდო ორგანიზატორები სპორტსმენებთან კონკრეტული თამაშების დეტალებს ათანხმებდნენ და თანხასაც გადასცემენ) მომხდარის სურათს სრულად ვერ ასახავს.
„თავს ვალდებულად ვთვლი, ე.წ „გარიგებული მატჩების“ საქმეზე გავაკეთო განცხადება და პირველ რიგში, ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, ჩემი კლუბის წევრებს, ფეხბურთის გულშემატკივრებს და ჩემს ახლობლებს. არასდროს მდომებია და შესაბამისად, ჩემი სპორტული შესაძლებლობები არ გამომიყენებია არაკანონიერი ან არაკეთილსინდისიერი მიზნებისთვის. 2019 წლის აპრილის დასაწყისში, ერთ-ერთი ბრალდებული მატჩის ჩაწყობის მიზნით დამიკავშირდა. რა თქმა უნდა, შემოთავაზებაზე კატეგორიული უარი განვაცხადე. თუმცა ბოლოს, პირადი ფინანსური პრობლემების გამო, რომელსაც ემატებოდა კლუბის მხრიდან არსებული მნიშვნელოვანი დავალიანება, იძულებული გავხდი, დავთანხმებულიყავი და ჩავრთულიყავი სქემაში, რასაც ვაცნობიერებ, რომ არ აქვს არანაირი გამართლება. აღნიშნული შეთანხმება ვერ განხორციელდა, რადგან მხოლოდ ჩემი დაყოლიება ორგანიზატორის მხრიდან არ აღმოჩნდა საკმარისი“, – წერს გეთიაშვილი.
„ვიტ ჯორჯიას“ ფეხბურთელი ამის მიზეზებზეც წერს და ამტკიცებს, რომ შეთანხმება ვერ განხორციელდა: „პირველი ეპიზოდის შეთანხმებულისაგან განსხვავებული და არასასურველი შედეგით დასრულების შემდეგ, ჩემს პირად ფინანსურ პრობლემებს დაემატა „თამაშის ვერ გაკეთების ვალიც“, რისთვისაც იძულებული გამხადეს, მიმემართა გუნდელებისათვის და სწორედ ამ „ვალის“ განულების მიზნით მეთხოვა დახმარება. შესაბამისად, სქემაში კიდევ ოთხი ფეხბურთელი ჩაერთო. აქვე მინდა სინანული გამოვთქვა ოთხივე მათგანის, განსაკუთრებით კი პ. ღუდუშაურისა და ნ. კიკნაველიძის გამო და დავამატო, რომ მათი მიზანი არ ყოფილა ფინანსური ინტერესი“.
გეთიაშვილი ამტკიცებს, რომ ფარული ვიდეოჩანაწერები მომხდარის სრულ სურათს ვერ ასახავს: „ვინაიდან გავრცელებული კადრები არ ასახავს სრულ სურათს, განვმარტავ შემდეგს: 1. „ვიტ ჯორჯიას“ არცერთ ფეხბურთელს „გარიგებულ მატჩებზე“ თანხა არ აგვიღია; 2. „ვიტ ჯორჯიას“ და „რუსთავის “ თამაში არ ყოფილა „გარიგებული“; 3. „ბათუმი“ – „ვიტ ჯორჯიას“ თამაშის „ჩაწყობის“ მთავარი მიზანი იყო „ვერ გაკეთებული თამაშის ვალის“ განულება და შემდეგ შეთანხმებიდან გამოსვლა“.