გარი ნევილი - „უეფა“ უსარგებლო ორგანიზაციაა, „მანჩესტერ სიტი“ მას სასამართლოს მოუგებს
გარი ნევილი - „უეფა“ უსარგებლო ორგანიზაციაა, „მანჩესტერ სიტი“ მას სასამართლოს მოუგებს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მცველმა გარი ნევილმა „მანჩესტერ სიტის“ ევროტურნირებიდან ორი სეზონით შესაძლო გაძევების შესახებ ისაუბრა.

„ვფიქრობ, რომ „სიტი“ ფინანსურ პრობლემებში გაერკვევა, – ციტირებს გარი ნევილის სიტყვებს „სქაი სპორტსი“ (Sky Sports), – არ ვარ დარწმუნებული, რომ „უეფა“ (UEFA) შეძლებს, სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს. საერთოდ არ მჯერა ამ ორგანიზაციის, ეს უიმედო უწყებაა, რომელმაც ერთადერთი ის იცის, რომ ქაოსური სანქციები დააწესოს.

„მანჩესტერ სიტი“ ამ სასამართლოს მოიგებს. დიახ, სასამართლო დროში გაიწელება, მაგრამ „სიტი“ პროცესიდან გამარჯვებული გამოვა.

„უეფას“ დიდი და სასოწარკვეთილი სურვილი ექნება, რომ „სიტი“ „რეალთან“ დამარცხდეს და ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალიდან გამოვარდეს. შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, როგორ გადასცემს „უეფა“ „ქალაქელებს“ ჩემპიონთა ლიგის თასს? პირველი შეკითხვა, რომელსაც ასეთ შემთხვევაში გვარდიოლას დაუსვამენ, იქნება – „სამართლიანია თქვენი გამარჯვება?“ ან ჰკითხავენ – „თქვენ გქონდათ ამ ტურნირში მონაწილეობის უფლება?“

ვფიქრობ, რომ „უეფამ“ ან ახლავე უნდა გარიცხოს „სიტი“ ჩემპიონთა ლიგიდან, ან გადაწყვეტილების მიღებისგან თავი სეზონის ბოლომდე შეიკავოს“.

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩს „მანჩესტერ სიტი“ 26 თებერვალს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამართავს.