გარი კასპაროვმა პრემიერლიგას მოუწოდა, არ მიჰყიდოს „ნიუკასლი“ საუდის არაბეთის პრინცს
გარი კასპაროვმა პრემიერლიგას მოუწოდა, არ მიჰყიდოს „ნიუკასლი“ საუდის არაბეთის პრინცს

ლეგენდარულმა რუსმა მოჭადრაკემ, არაკომერციული ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს ფაუნდეიშენის“ (Human Rights Foundation) პრეზიდენტმა გარი კასპაროვმა, წერილი გაუგზავნა ინგლისის პრემიერლიგის აღმასრულებელ დირექტორ რიჩარდ მასტერსს. მასში ყოფილი მოჭადრაკე ითხოვს იმ გარიგების გაუქმებას, რომლის მიხედვითაც „ნიუკასლ იუნაიტედს“ შეიძენს საუდის არაბეთის პრინცი მუჰამედ იბნ სალმანი.

თავის წერილში კასპაროვმა შეახსენა მასტერსს საუდის არაბეთში ადამიანის უფლებების შეზღუდვის, ადამიანის მოტაცების ფაქტების, აგრეთვე 2018 წლის შემოდგომაზე სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში „ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტ ჯამალ ჰაშოგის მკვლელობის შესახებ.

დღეისთვის „ნიუკასლი“ ეკუთვნის ბრიტანელ მილიარდერ მაიკ ეშლის, რომელიც სპორტული მაღაზიების ქსელ „სპორტ დაირექტის“ (Sports Direct) მფლობელია. 55 წლის ბიზნესმენი დათანხმდა საფეხბურთო კლუბის 345 მილიონ ევროდ გაყიდვას. პრემიერლიგის ხელმძღვანელობას ჯერ ამ გარიგებაზე თანხმობა არ მიუცია.