გარეთ საუთგეიტი - ინგლისის ნაკრები ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე 2018 წელს იყო
გარეთ საუთგეიტი - ინგლისის ნაკრები ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე 2018 წელს იყო

ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გარეთ საუთგეიტი აცხადებს, რომ მისი გუნდი ახლა უფრო მაღალ დონეზე თამაშობს, ვიდრე 2108 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ამ სტადიაზე. შეგახსენებთ, რომ ინგლისელებმა რუსეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი დაიკავეს, ევროპის 2020 წლის პირველობის შესარჩევ ციკლში კი ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენეს და ტურნირზე თამაში დროზე ადრე გაინაღდეს.

„ვფიქრობ, გუნდს აქვს რწმენა და ეს აშკარად ჩანს ყველა თამაშში“, – ამბობს საუთგეიტი, – „ისინი ბურთს მუდამ აკონტროლებენ და ნებისმიერ მომენტში დარწმუნებულები არიან, რომ გოლს გაიტანენ“.

შესარჩევი ციკლის ბოლო ორ მატჩში ინგლისმა 11 უპასუხო გოლი გაიტანა, როდესაც ჯერ მონტენეგრო ანგარიშით 7:0 გაანადგურა საკუთარ მოედანზე, შემდეგ კი სტუმრად კოსოვო ანგარიშით 4:0 დაამარცხა.

მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ უფრო მაღალი კლასის გუნდებთან ინგლისი არცთუ დამაჯერებლად გამოიყურება. შარშან, „უეფას“ ერთა ლიგაზე, გუნდმა ჰოლანდიასთან წააგო, რუსეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ხორვატიასთან და ორჯერ ბელგიასთან დამარცხდა, მიმდინარე საკვალიფიკაციო ციკლში კი ერთადერთი მარცხი მსოფლიო რეიტინგში 43-ე ადგილზე მყოფი ჩეხეთის ნაკრებისგან იწვნია.