გარეტ ბეილს „რეალთან“ კონტრაქტის გაწყვეტა და კარიერის დასრულება სურს #1TVSPORT
გარეტ ბეილს „რეალთან“ კონტრაქტის გაწყვეტა და კარიერის დასრულება სურს #1TVSPORT

უელსის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ ფორვარდი გარეტ ბეილი ევრო 2020-ის შემდეგ კარიერის დასრულებას ფიქრობს.

31 წლის ფეხბურთელი „ტოტენჰემში“ ერთწლიანი იჯარის შემდეგ მადრიდულ გუნდში დაბრუნდა. ABC.es-ის ინფორმაციით, ბეილს კატეგორიულად არ მოსწონს საკუთარი მდგომარეობა „რეალში“, ამიტომაც მოლაპარაკებები დაიწყო კლუბთან 2022 წლის ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტის ვადაზე ადრე გაწყვეტის შესახებ.

იტყობინებიან, რომ ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ, ბეილმა, შესაძლოა, სათამაშო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადოს და მთლიანად მიუძღვნას საკუთარი თავი გოლფს, რომლითაც უელსელი ძალიან არის გატაცებული. ბეილი სპორტის ამ სახეობაში პროფესიულ დონეზეც კი აპირებს ძალების მოსინჯვას.

ადრე ფეხბურთელმა განაცხადა, რომ თავისი მომავლის შესახებ ევრო 2020-ის შემდეგ გამოაცხადებს, თან დაამატა, რომ მისმა გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, ქაოსი გამოიწვიოს.

გასულ სეზონში ბეილმა 36 მატჩი ჩაატარა „ტოტენჰემში“ და 16 გოლი გაიტანა.