გარეტ ბეილის ქორწილს შეიარაღებულები დაიცავენ
გარეტ ბეილის ქორწილს შეიარაღებულები დაიცავენ

მადრიდის რეალის ნახევარმცველმა გარეტ ბეილმა და მისმა საცოლე ემა რის-ჯონსმა კარდინალურად შეცვალეს საკუთარი ქორწილის ორგანიზების გეგმები. ამის შესახებ წერს ესპანური გაზეთი ასი (AS).

წყვილმა უარი თქვა საზეიმო ცერემონიის იტალიაში, კერძოდ კი ტოსკანაში ჩატარებაზე. ახლა, ბეილსა და რის-ჯონსს სურთ, ქორწილი კერძო კუნძულ ტაგომაგოზე გაიმართოს, რომელიც ესპანეთის ბალეარის კუნძულების ჯგუფს მიეკუთვნება.

ქორწილზე მიწვეული იქნება დაახლოებით 150 სტუმარი. მათ დაცვას უზრუნველყოფს უსაფრთხოების შეიარაღებული სამსახური, რაც ადრე დაგეგმილი არ იყო. ამგვარი ცვლილება უკავშირდება ემას მამის გარშემო შექმნილ სიტუაციას, რომელსაც წარსულში კანონთან პრობლემები ჰქონდა. 53 წლის მარტინ რის-ჯონსი ექვსი წელი ციხეში იჯდა თაღლითობის ბრალდებით.

როგორც ირკვევა, გოგონას არ სურს საკუთარ ქორწილში მამის ხილვა, ამიტომაც სთხოვა ბეილს სერიოზული დაცვის დაქირავება.