„გარეჯს“ ახალი მწვრთნელი ეყოლება – კობიაშვილი კლუბში სხვა როლში რჩება #1TVSPORT
ეროვნულ ლიგაში პირველი სამწვრთნელო ცვლილება განხორციელდა – საგარეჯოს „გარეჯს“ თენგიზ კობიაშვილი აღარ გაწვრთნის, თუმცა ის კლუბის სისტემაში რჩება, ინფორმაციას საგარეჯოელთა პრესსამსახური ავრცელებს.
„თენგიზ კობიაშვილი მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ბავშვთა აკადემიის ხელმძღვანელად დაინიშნა. მადლობას ვუხდით თენგიზს გაწეული შრომისთვის და გუნდის ისტორიული შედეგის მიღწევისთვის. ვუსურვებთ წარმატებას ახალ თანამდებობაზე“, – აღნიშნულია „გარეჯის“ განცხადებაში.
თენგიზ კობიაშვილმა საგარეჯოს „გარეჯი“ 2024 წლის 10 მაისს ჩაიბარა და გუნდი ეროვნულ ლიგაში გადაიყვანა. მთავარ ქართულ ლიგაში სადებიუტო სეზონი გუნდმა არადამაჯერებლად დაიწყო და 7 ტურის შემდეგ 4 ქულით ბოლო, მე-10 ადგილზე იმყოფება.
საგარეჯოს „გარეჯი“ ეროვნული ლიგის მერვე ტურის მატჩს 13 აპრილს „იბერიასთან“ სტუმრად გამართავს. შეხვედრა „მიხეილ მესხი არენაზე“ 19:00 საათზე დაიწყება. ჯერ უცნობია, ვინ უხელმძღვანელებს გუნდს მოედანზე.