„გარეჯმა“ ეროვნულ ლიგაში პირველი შეხვედრა „კოლხეთთან“ მოიგო #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ლიგის მეოთხე ტურში ფოთის „კოლხეთმა“ საგარეჯოს „გარეჯს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.
ქობულეთის საფეხბურთო ცენტრში გამართული მატჩი ფოთელებისთვის უიღბლოდ დაიწყო – „გარეჯის“ თავდამსხმელი ვახო ბედოშვილი დიდი სისწრაფით მეკარესთან პირისპირ გადიოდა, როდესაც „კოლხეთის“ კაპიტანმა, ბექა ხარშილაძემ იგი წააქცია. არბიტრმა ეს მოქმედება ბოლო იმედის ჯარიმად შეაფასა და ხარშილაძეს წითელი ბარათი უჩვენა.
მიუხედავად კაცნაკლულობისა, „კოლხეთმა“ პირველ ტაიმში მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა შესვენების შემდეგ საგარეჯოელებმა ანგარიშის გახსნა მოახერხეს. 68-ე წუთზე ნიკოლოზ გალახვარიძის ფლანგური გადაცემის შემდეგ კარის წინ ლევან პაპავა გაიხსნა და ზუსტი თავური დარტყმით სტუმრები დააწინაურა.
ეროვნული ლიგის ოთხი ტურის შემდეგ ფოთის „კოლხეთი“ ერთი ქულით ბოლო (მე-10) ადგილზე იმყოფება, ხოლო ეროვნული ლიგის დებიუტანტმა, საგარეჯოს „გარეჯმა“ პირველი გამარჯვება მოიპოვა და ოთხი ქულით მეექვსე პოზიციაზე დაწინაურდა.