„გარეჯი 1960-მა“ ახალგაზრდულ ევრო 2023-ზე ნათამაშები მეკარე დაიმატა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის დებიუტანტმა საგარეჯოს „გარეჯი 1960-მა“ ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ქართველი მეკარე, 2023 წლის ევროპის ჩემპიონატზე ნათამაშები ლუკა კუტალაძე დაიმატა – ახალწვეულის შესახებ ინფორმაციას კლუბის პრეს-სამსახური ავრცელებს.
23 წლის მეკარის ტრანსფერი „სამგურალს“ ეკუთვნის. ის საგარეჯოს „გარეჯს“ სეზონის ბოლომდე დაეხმარება. წყალტუბოს გუნდის ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხმების მიხედვით, ლუკა კუტალაძე ახალ კლუბში იჯარის წესით ითამაშებს.
კუტალაძე თბილისის „მერანის“ საფეხბურთო სკოლაში იზრდებოდა, შემდეგ კი „დინამო თბილისის“ აკადემიაში გადავიდა. 2019 წელს „დინამო 2-ში“ დააწინაურეს, შემდეგ კი – მთავარ გუნდშიც გადაიყვანეს. 2021 წლის 11 აპრილს, „სამტრედიასთან“ საქართველოს ჩემპიონატში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა.
„დინამოში“ 2019-2023 წლებში ირიცხებოდა. 2023 წელს წყალტუბოს „სამგურალში“ გადავიდა, სადაც ორი სეზონის განმავლობაში მხოლოდ 12 მატჩი ჩაატარა და მწირი სათამაშო პრაქტიკის გამო კლუბის შეცვლა გადაწყვიტა.
ლუკა თამაშობდა საქართველოს 17, 18, 19 და 20-წლამდე ასაკობრივ ნაკრებებში. 2023 წელს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში კუტალაძემ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა. მან ჯგუფურ ეტაპზე პორტუგალიასთან ითამაშა.