გარდაიცვალა „ტორპედოს“ ლეგენდა ჯემალ ხერხაძე
გარდაიცვალა „ტორპედოს“ ლეგენდა ჯემალ ხერხაძე

ქუთაისის „ტორპედოს“ ლეგენდა ჯემალ ხერხაძე 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. ხერხაძის მთელი კარიერა „ტორპედოს“ უკავშირდება. ის „ტორპედოს“ საფეხბურთო სკოლის აღზრდილი იყო. მან ქუთაისური კლუბის მაისურით 15 სეზონი (1962-1976) ჩაატარა და 337 მატჩში 82 გოლი გაიტანა.

ქუთაისელ გულშემატკივრებს ხერხაძე კლუბისადმი ერთგულების გამო განსაკუთრებით უყვარდათ. მას რამდენჯერმე თბილისის „დინამოში“ გადასვლა შესთავაზეს, მაგრამ უარი განაცხადა.

კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობა გადაწყვიტა და 1977 წლიდან სამწვრთნელო კარიერა „ტორპედოში“ დაიწყო. ის ტორპედოელებს 1977-84, 1987-2000 წლებში წვრთნიდა. 1999 წლის 26 მაისს მისი ხელმძღვანელობით „ტორპედომ“ საქართველოს თასი მოიგო. მაშინ ხერხაძის გუნდმა ფინალში წყალტუბოს „სამგურალი“ დაამარცხა.

ხერხაძე გასული საუკუნის 60-იან წლებში საბჭოთა კავშირის იუნიორთა ნაკრებში გამოდიოდა. 1969 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში 16 გოლი გაიტანა და კიდევ ორ ფეხბურთელთან ერთად ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მაგრამ გაზეთ „ტრუდის“: გადაწყვეტილებით (რომელიც საუკეთესო ბომბარდირის პრიზს გადაცემდა), პრიზი მხოლოდ მოსკოვის „სპარტაკის“ თავდამსხმელს, ნიკოლია ოსიანინს გადაეცა. გადაწყვეტილება ასე დაასაბუთეს – „მისი გუნდი ჩემპიონი გახდა, თავად კი გადამწყვეტ შეხვედრებში მნიშვნელოვანი გოლები გაიტანა“. ასე დაჩაგრეს ქართველი თავდამსხმელი, რომელიც ქუთაისელი გულშემატკივრების კერპი გახლდათ.

საინტერესოა, რომ ხერხაძე შედის მსოფლიოს იმ 90 ფეხბურთელს შორის, რომელმაც ერთ კლუბში 15 სეზონი ჩაატარა.