გარდაიცვალა სერ ბობი ჩარლტონი #1TVSPORT
გარდაიცვალა სერ ბობი ჩარლტონი #1TVSPORT

21 ოქტომბერს, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ინგლისის ნაკრების ლეგენდა სერ ბობი ჩარლტონი.

ლეგენდარული ნახევარმცველი 1958 წელს მიუნხენის ავიაკატასტროფაში გადარჩა, რის შემდეგაც დაეხმარა „იუნაიტედს“ სამჯერ ინგლისის ჩემპიონატის მოგებაში. გარდა ამისა, მანჩესტერულ კლუბთან ერთად კაპიტნის რანგში მოიგო ჩემპიონთა თასი. ბობი ჩარლტონი 1973 წლიდან 2017 წლამდე „მანჩესტერ იუნაიტედის“ საუკეთესო ბომბარდირი იყო. მისი რეკორდი უეინ რუნიმ მოხსნა.

სულ მან „იუნაიტედის“ რიგებში 758 მატჩი ჩაატარა და 249 გოლი გაიტანა.

სერ ბობი ჩარლტონი 1966 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა ინგლისის ნაკრებში. მას 47 წელი (1968-2015) ეკუთვნოდა ეროვნული გუნდის რეკორდი გატანილი გოლების რაოდენობით (49). მოგვიანებით, მას უეინ რუნიმ და ჰარი კეინმა გაუსწრეს.

1994 წელს ბობი ჩარლტონი ინგლისის დედოფალმა რაინდად აკურთხა.

2023 წლის ივლისში ესპანელი ლუის სუარესის სიკვდილის შემდეგ, ჩარლტონი „ოქროს ბურთის“ ცოცხალ მფლობელებს შორის ყველაზე ასაკოვანი იყო. მან ეს პრიზი 1966 წელს მოიგო.