გარდაიცვალა ლეგენდარული ბრაზილიელი კალათბურთელი ოსკარ შმიდტი #1TVSPORT
გარდაიცვალა ლეგენდარული ბრაზილიელი კალათბურთელი ოსკარ შმიდტი #1TVSPORT

ლეგენდარული ბრაზილიელი კალათბურთელი ოსკარ შმიდტი ქალაქ სან პაულუში 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.

შმიდტი მიიჩნეოდა ერთ-ერთ უდიადეს სნაიპერად კალათბურთის ისტორიაში. მიუხედავად იმისა, რომ მას არასოდეს უთამაშია NBA-ში, ბრაზილიელი ეროვნული გმირი გახდა და მთელი კარიერა ნაკრებში და საერთაშორისო არენაზე გამოსვლას მიუძღვნა.

შმიდტი ზედიზედ ხუთ ოლიმპიადაზე წარმოადგენდა ბრაზილიას – 1980-დან 1996 წლამდე. სამ ოლიმპიადაზე იყო ტურნირის საუკეთესო მექულე, 1988 წელს საშუალო 42.3 ქულით საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ერთადერთია, ვისაც ოლიმპიურ თამაშებზე 1000-ზე მეტი ქულა აქვს მოპოვებული.

1984 წელს „ნიუ ჯერსიმ“ შმიდტი NBA-ს დრაფტზე აირჩია და ბრაზილიელი ვარჯიშობდა კიდეც გუნდთან ერთად, მაგრამ უარი თქვა კონტრაქტის გაგრძელებაზე, რადგან ბრაზილიის ნაკრებში თამაში არჩია. იმ დროს NBA-ს მოთამაშეებს არ ჰქონდათ საერთაშორისო ტურნირებზე გამოსვლის უფლება.

შმიდტს 1977 წელს, 19 წლის ასაკში ჰქონდა დებიუტი ბრაზილიის ნაკრებში და მის ლიდერად რჩებოდა თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში. 1978 წელს ეროვნული გუნდის რიგებში შმიდტმა მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაო მოიგო. გარდა ამისა, მისი კარიერის ერთ-ერთი გამორჩეული მომენტია აშშ-ის ნაკრების დამარცხება 1987 წელს პანამერიკული თამაშების ფინალში.