გარდაიცვალა დამსახურებული მწვრთნელი დიმიტრი მინდიაშვილი #1TVSPORT
გარდაიცვალა დამსახურებული მწვრთნელი დიმიტრი მინდიაშვილი #1TVSPORT

87 წლის ასაკში ლეგენდარული მწვრთნელი, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის FILA-ს ოქროს ორდენის კავალერი დიმიტრი (მიტო) მინდიაშვილი გარდაიცვალა.

დიმიტრი მინდიაშვილი 1933 წლის 4 ივნისს რუსთავში დაიბადა. იყო საქართველოს, საბჭოთა კავშირისა და რუსეთის დამსახურებული მწვრთნელი. სპეციალისტი, რომელმაც მსოფლიოს არაერთი ვარსკვლავი აღზარდა. მათ შორის – სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ბუვაისარ საიტიევი და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ივან იარიგინი.

დიმიტრი მინდიაშვილი 1957 წლიდან კრასნოიარსკში მოღვაწეობდა.

1972 წლიდან დიმიტრი მინდიაშვილი როგორც მწვრთნელი ზაფხულის ყველა ოლიმპიური თამაშების მონაწილეა.

1973 წლიდან კრასნოიარსკში ჭიდაობის სახეობებში უმაღლესი დაოსტატების ჭიდაობის სკოლა გაიხსნა, რომელიც 2008 წლიდან დიმიტრი მინდიაშვილის სახელობის აკადემიად გადაკეთდა.

დიმიტრი მინდიაშვილს გამოქვეყნებული აქვს ოცდახუთზე მეტი ნაშრომი. მათ შორის „დიდი ხალიჩის ოსტატი“ და „თავისუფალი ჭიდაობის ილეთების ენციკლოპედია“. აღიარებულია საბჭოთა კავშირის საუკეთესო მწვრთნელად და რუსეთის მე-20 საუკუნის საუკუთესო მწვრთნელად.