გარდაიცვალა არგენტინის ნაკრების ყოფილი კაპიტანი #1TVSPORT
89 წლის ასაკში გარდაიცვალა არგენტინის ნაკრების ყოფილი კაპიტანი და „ბოკა ხუნიორსის“ ლეგენდა ანტონიო რატინი.
„დიდი მწუხარებით ვიტყობინებით ანტონიო უბრიალდო რატინის გარდაცვალების შესახებ. ის იყო ჩვენი კლუბის კერპი და სიმბოლო“, – წერია „ბოკა ხუნიორსის“ განცხადებაში.
რატინმა არგენტინის ნაკრებში 32 მატჩი ჩაატარა და ითამაშა 1962 და 1966 წლების მსოფლიო ჩემპიონატებზე.
ინგლისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე რატინი ეროვნული გუნდის კაპიტანი იყო, მაგრამ ყველას სკანდალით დაამახსოვრა თავი. ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ მეოთხედფინალური მატჩის დროს გერმანელმა არბიტრმა, რუდოლფ კრაიტლაინმა რატინი „უხეში გამონათქვამისთვის“ გააძევა მოედნიდან, თუმცა არ ფლობდა ესპანურ ენას. იმის გამო, რომ ვერ მიხვდა გაძევების მიზეზს, რატინი რამდენიმე წუთი უარს აცხადებდა მოედნის დატოვებაზე, შემდეგ კი პროტესტის ნიშნად წითელი ხალიჩის ბილიკზე დაჯდა, რომელიც ინგლისის დედოფლისთვის იყო განკუთვნილი, აგრეთვე დემონსტრაციულად გაიწმინდა ხელები ბრიტანეთის დროშაზე.
ეს გახდა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ეპიზოდი და მან უბიძგა ფიფა-ს, შემოეღო ყვითელი და წითელი ბარათების სისტემა, რომელიც შეიმუშავა ორგანიზაციის სამსაჯო კომიტეტის მაშინდელმა ხელმძღვანელმა, კენ ასტონმა.