გარდაიცვალა ანზორ გაბიტაშვილი - მან 1981 წელს თასების მფლობელთა თასის ფინალის ბურთი თბილისში ჩამოიტანა #1TVSPORT
გარდაიცვალა ანზორ გაბიტაშვილი - მან 1981 წელს თასების მფლობელთა თასის ფინალის ბურთი თბილისში ჩამოიტანა #1TVSPORT

ანზორ გაბიტაშვილი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა – ლეგენდარული თბილისის „დინამოს“ ფიზიოთერაპევტი, რომელსაც ყველა გულშემატკივარი კარგად იცნობდა.

ანზორ გაბიტაშვილი ყველას დაამახსოვრდა ცნობილი კადრით – როდესაც 1981 წლის 13 მაისს, დიუსელდორფის „რაინშტადიონზე“ თბილისის „დინამოსა“ და იენის „კარლ ცაისის“ მატჩი დასრულდა, იტალიელ არბიტრს, რიკარდო ლატანცის ბურთი წაართვა და საქართველოში ჩამოიტანა.

შემდეგ გაბიტაშვილი იხსენებდა, რომ ამ ბურთში ძალიან დიდი თანხა შესთავაზეს, მაგრამ მისთვის ეს ბურთი იმდენად ძვირფასი იყო, რომ გაყიდვა არც უფიქრია.

ანზორ გაბიტაშვილი 1939 წლის 11 ოქტომბერს გურჯაანის რაიონის სოფელი ვეჯინში დაიბადა. 1966 წელს საქართველოს სახელმწიფო ფიზკულტურის ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი დაამთავრა.

1975-1987 წლებში იყო თბილისის ექიმთა და ხელოვნების ინსტიტუტის საექიმო კონტროლისა და სამკურნალო ფიზკულტურის მეთოდისტი. თბილისის „დინამოში“ 1976-1986 წლებში მუშაობა და ფეხბურთელთა გუნდის ფიზიოთერაპევტი გახლდათ. ამავე როლში 1990 წლიდან საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს.

იყო თბილისის „დინამოს“ ყველა წარმატების შემსწრე და მონაწილე – სსრკ ჩემპიონი (1978); სსრკ თასის მფლობელი (1976, 1979); თასების მფლობელთა თასის მფლობელი (1981); თასის მფლობელთა თასის ნახევარფინალისტი (1982); დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მფლობელი (2002, 2003, 2005).

საქართველოში სპორტული მედიცინის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის 2005 წელს საგანგებო პრიზით დააჯილდოვეს.

ანზორ გაბიტაშვილს 13 მაისს დაკრძალავენ, როდესაც თბილისის „დინამოს“ წარმატებიდან 40 წელი შესრულდება.